ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოვიდა ღია გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში "მაიდანი" არ იქნება - მას შემდეგ, რაც მინსკსა და სხვა ქალაქებში ჩატარდა მასობრივი აქციები პოტენციური ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად.
ლუკაშენკომ გამოიყენა სიტყვა მაიდანი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულმა მასობრივმა აქციებმა 2014 წელს დაამხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება.
ბელარუსის კაგებეს ხელმძღვანელთან, ვალერი ვაკულჩუკთან შეხვედრის შემდეგ, ლუკაშენკომ 1 ივლისს განაცხადა, რომ უცხოეთის ძალები იდგნენ ერთი დღით ადრე გამართული აქციების უკან. ამ აქციებზე ხელმოწერებს აგროვებდნენ დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატების მხარდასაჭერად. "ქარი, რომელიც სხვადასხვა მხრიდან უბერავს ბელარუსის მიწისკენო", - ასე დაახასიათა ლუკაშენკომ ეს დემონსტრაციები.
"ზუსტად ვიცით ქარის გამომშვებთა მიზნები. მათ აქ პატარა მაიდანი უნდათ რომ მოაწყონ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ან მის დროს. ... მსურს გაგაფრთხილოთ, ... რომ ბელარუსში მაიდანი არ იქნება", - განაცხადა მან.
ახლახან უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ბელარუსში მთავრობამ გააძლიერა ზეწოლა დემონსტრანტებზე, ოპოზიციონერ ბლოგერებზე, ჟურნალისტებსა და მთავრობის სხვა კრიტიკოსებზე და დაიწყო "განურჩეველი დაპატიმრებების ახალი ტალღა", 9 აგვისტოს დანიშნული არჩევნების წინ.
24 მაისს მინსკში 1000-ზე მეტმა დემონსტრანტმა მოიყარა თავი ლუკაშენკოს კიდევ ერთი ვადით გაპრეზიდენტების პერსპექტივის გასაპროტესტებლად.
ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და ამჟამად მეხუთე ვადით არის პრეზიდენტი. ბელარუსმა საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვა 2004 წელს გააუქმა.
ადამიანის უფლებების დარღვევის და სამართლიანი არჩევნების არარსებობის გამო, ბელარუსი არის აშშ-ის და ევროკავშირის სანქციათა სამიზნე. თუმცა ბოლო პერიოდში ბელარუსსა და დასავლეთს შორის დაახლოების ტენდენცია შეინიშნება, ქვეყანაზე რუსეთის გავლენის შემცირების მიზნით.