ათეულათასობით ადამიანი მოითხოვს აშშ-ის ქალაქებში რასობრივ სამართლიანობას მას მერე, რაც თეთრკანიანი პოლიციელის ხელში შავკანიანი კაცის სიკვდილის გამო აღშფოთება ქვეყანაში სამოქალაქო მღელვარებაში გადაიზარდა.
დემონსტრაციების უმეტესობა თავიდან მშვიდობიანი იყო, სანამ გადაიზრდებოდა ძალადობაში, როცა დემონსტრანტებმა დაიწყეს საგანგებო მდგომარების უგულებელყოფა, გზები გადაუკეტეს ტრანსპორტს, ცეცხლს უკიდებდნენ შენობებს, მანქანებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს და შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან.
დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო გამოხატავდნენ გულისწყრომას, გაიმართა ბევრ ქალაქში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ატლანტაში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში.
46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა, როცა მინეაპოლისში, დაკავებისას, თეთრკანიანმა პოლიციელმა ხელბორკილები დაადო და სახით ასფალტზე დაგდებულს, კისერში მუხლს აჭერდა, სანამ ფლოიდი იმეორებდა, "ვეღარ ვსუნთქავო".
ორ ათეულამდე ქალაქმა მოსახლეობას მიმართა, შინ დარჩეს ღამის დემონსტრაციების დროს. ბევრმა შტატმა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები გამოიყვანა დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში არნახული სამოქალაქო მღელვარების გასაკონტროლებლად.
პოლიციის თანახმად, 28 მაისის შემდეგ 22 ქალაქში დაკავებულია 1669 ადამიანი, იტყობინება ასოშიეიტედ პრესი.
დაკავებულების თითქმის მესამედი მოდის ლოს ანჯელესზე, სადაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდია გამოიძახა ქალაქის პოლიციის ათიათასკაციანი რაზმების მხარდასაჭერად. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომანქანებს, დაამსხვრიეს მაღაზიების ფანჯრები და ძვრებოდნენ ავტობუსებზე.
პოლიციამ დემონსტრანტების უკან დასახევად ხელკეტები გამოიყენა და ისროდა რეზინის ტყვიებს შეკრებილების დასაშლელად.
კალიფორნიის სხვა არეალში, სან ფრანცისკოში, დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქში. სან დიეგოს მახლობლად პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რათა დაეშალა ჯგუფი, რომელიც პოლიციის შენობას არ ტოვებდა.
ვაშინგტონში, ასეულობით დემონსტრანტი მივიდა იუსტიციის უწყებასთან და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "black lives matter" (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და "I can’t breathe" (ვეღარ ვსუნთქავ).
შემდეგ ბევრი თეთრ სახლთან მივიდა, სადაც დახვდათ პოლიცია, რომელმაც მათ მიმართ გამოიყენა წიწაკის გაზი. ეროვნული გვარდიის ნაწილები არეულობის გამო გამოიძახეს ბევრ ქალაქში, მათ შორის, ოჰაიოს შტატში, მინესოტაში, ასევე მისურიში, ვისკონსინსა და ტენესიში.
ათასობით ადამიანი გავიდა ჩიკაგოს ქუჩებში, ხოლო ნიუ-იორკში გრძელდებოდა გამოსვლები ორი დღის განმავლობაში და 29 მაისს დაკავებულთა რიცხვი 200-ს უდრის.
აშშ-ის არაერთ ქალაქში დემონსტრანტების სამიზნე იყო 1860-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს მონობის მომხრე კონფედერატების არმიის მონუმენტები.
დემონსტრანტებმა კონფედერატების არმიის ძეგლები დააზიანეს სამხრეთის შტატებში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, მისისიპის შტატსა და ტენესიში.
მინესოტაში, მინეაპოლისში, სადაც პროტესტი დაიწყო, პოლიცია, შინაგანი ჯარი და ეროვნული გვარდია კომენდანტის საათის შემოღებისთანავე ამოქმედდა, გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, რათა გაეწმინდა პოლიციის შენობის მიმდებარე ქუჩები.
მინესოტის გებერნატორმა, ტიმ უოლცმა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები გამოიყვანა ქუჩაში 30 მაისს და განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლებს გარეშე პირები იყენებდნენ ქაოსის დასათესად.
„თავს გვესხმიან“, განაცხადა უოლცმა, „წესრიგი უნდა აღდგეს“. ხელისუფლებამ გადაკეტა ქალაქში შესასვლელი და გასასვლელი მთავარი მაგისტრალები და კომენდანტის საათის დაწყებამდე პოლიცია მივიდა იმ არეალში, გადამწვარ ბანკის შენობასთან, სადაც 500-მდე დემონსტრანტი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა მას და ცრემლმდენი გაზის, წიწაკის გაზის, შეკრებილები რეზინის ტყვიების საშუალებით განდევნა.
30 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინეაპოლისში განთავსებული ეროვნული გვარდია ქებით მოიხსენია და განაცხადა, რომ ნიუ-იორკის პოლიციას ნება უნდა მივცეთ, თავის საქმე აკეთოსო.
ტრამპმა ფლოიდის სიკვდილს უწოდა "დიდი ტრაგედია", რომელმაც ქვეყანა ბრაზით და წუხილით აღავსო. მაგრამ, აღნიშნა, ჩემი ადმინისტრაცია ვერ შეეგუება, რომ დემონსტრაციები მასობრივ ძალადობაში გადაიზარდოსო.
"მართლმსაჯულება არ მიიღწევა გაბრაზებული მასის ხელით", თქვა ტრამპმა კენედის კოსმოსურ ცენტრში, როცა ორი ასტრონავტის გაფრენას ესწრებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დაგმო ძალადობა და თქვა, რომ "პროტეტის აქტმა არასოდეს უნდა გადაფაროს მიზეზი, რის გამოც გამოვთქვამთ პროტესტს".
ფლოიდის სიკვდილის გამო სამსახურიდან დაითხოვეს ოთხი პოლიციელი. მინეაპოლისის პოლიციის თანამშრომელი, დერეკ შოვინი, რომელსაც თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერდა დაკავებულ ფლოიდს, დაპატიმრებულია და წარდგენილი აქვს ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობაში.