საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ვასილ როინიშვილი პრივილეგიად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს არის ვალდებულება, რომელიც ისე უნდა შეასრულოს, რომ არაფერი გააფუჭოს.
„გულახდილად რომ გითხრათ, მე მქონდა იმის იმედი, რომ ჩემი საკითხი გადაწყდებოდა დადებითად“, - უთხრა ჟურნალისტებს ვასილ როინიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რა ურთიერთობა აქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან, მან უპასუხა, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევასთან ამ მეგობრობას არანაირი კავშირი არ აქვს:
„ჯერ ერთი, მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა. ეხლა იმას თუ მეტყვით, მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ გაუხარდება, როგორც მეგობარს“, - უთხრა ჟურნალისტებს ვასილ როინიშვილმა. მან პასუხი გასცა ასევე შეკითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ე.წ. კლანი სასამართლო ხელისუფლებაში:
„არანაირი კლანი არ არსებობს, დამიჯერეთ, რაა, რას ჰქვია კლანი. რატომ არ არის მაგალითად ჩემი კლანი? ეგება მე ვარ საერთოდ თავმჯდომარე ამ კლანის?“, - უთხრა ჟურნალისტებს ვასილ როინიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 29 მაისს, 18 ხმით დაუჭირა მხარი მის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი. 2017 წელს იგი ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელთაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის 29 მაისის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა იყო. ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩნდება 15 ივნისიდან. არასამთავრობო სექტორი მოითხოვდა, პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, პლენუმს კანდიდატურა დაესახელებინა, კანდიდატურისთვის კენჭისყრა კი მოგვიანებით გაემართა.
15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს.