საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მშენებარე პროექტებში 25 000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული და მთავრობას შესაბამისი პასუხისმგებლობა აკისრია როგორც მოქალაქეების, ასევე მშენებარე კომპანიების მიმართ.
დეველოპერული სექტორის დახმარების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პროგრამა რეალისტურია.
აღნიშნული პროგრამით, მთავრობა გეგმავს იპოთეკური სესხის 4 პროცენტის სუბსიდირებას იმ კონტრაქტზე, რომლებიც წლის ბოლომდე დაიდება.
გეგმის თანახმად, სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი კი 434 მლნ ლარია. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე, ხუთი წლის განმავლობაში.