ძველი თბილისი ისევე წარმოუდგენელია უცირკოდ, როგორც წარმოუდგენელია იტალიური ოპერის გარეშე. XIX საუკუნის 60-80-იან წლებში ტფილისელები თავს ირთობდნენ როგორც ვერდის მუსიკის ჰანგებით, ასევე ძმები გოდფრუების, ა. ფიურერის, ვ. სურას და სხვათა საცირკო დასების წარმოდგენებით, თუმცა თბილისის ცირკის ნამდვილი რენესანსი დაიწყო 90-იანი წლებში, როცა გოლოვინის გამზირზე, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ შენობის ადგილზე (რუსთაველის 42) ძმებმა დიმიტრი, აკიმ და პეტრე ნიკიტინებმა თბილისში პირველი სტაციონარული ცირკი ააშენეს.

მრავალფეროვნება ტფილისის ცირკებისა

ძმები ნიკიტინების ცირკის პროგრამა მრავალფერვოანი იყო და სამი განყოფილებისგან შედგებოდა. 1905 წლის 17 აპრილის „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებიდან ირკვევა, რომ ნიკიტინების ცირკი ასევე აწყობდა ცალკე დადგემებს ბავშვებისთვის, ცალკე კი - უფროსებისთვის.

ნიკიტინების ცირკის რეკლამა.

ნიკიტინების ცირკში იმართებოდა კავკასიური და კლასიკური ჭიდაობის ტურნირებიც.

"გამარჯვებულს - 25 მანეთი. დამარცხებული ის იქნება, ვინც ორივე მხარს დაჰკრავს მიწას“, - იუწუყებოდა აფიშა.

მიხეილის ქუჩაზე, მადერის მამულში, მდებარეობდა ცნობილი კლოუნის, მაქსის ცირკი, რომლის რეპერტუარი ვერ იყო ისეთი მდიდარი, როგორც ნიკიტინების ცირკისა. მაქსის მეუღლე და მიწვეული არტისტები ტფილისელებს ცხენების ჯირითითა და გიმნასტობით ართობდნენ, კულმინაცია იყო თავად მაქსის „კომიკური და სამასხრო“ გამოსვლა.

რეკლმა "ცნობის ფურცელი"

გოდფრუას დროებითი ცირკი, როგორც ძველი ტფილისის მოქალაქე კარაპეტ გრიგორიანცი იხსენებს თავის „ძველი თბილისის იშვიათი ამბებში“, სობოროს (დღევანდელი პარლამენტის) ადგილზე მდებარეობდა და წარმოადგენდა ფიცრის უზარმაზარ ნაგებობას.

მართალია, ნიკიტინების ცირკი, გოდფრუასგან განსხვავებით, ქვისგან იყო აგებული, მაგრამ, ოპერისა არ იყოს, ისიც ხანძრმა გაანადგურა. ეს სამწუხარო ამბავი 1910 წელს მოხდა, თუმცა თბილისში მალევე, 1914 წელს, მტკვრის სანაპიროზე, ვერის აღმართის თავში (სადაც ახლა პატარა სკვერია) აშენდა მორიგი სტაციონარული ცირკის შენობა, რომელსაც ძმები ეფიმ და მიხაილ ეფიმოვები მართავდნენ.

ხის ცირკი მადათოვის კუნძულზე. პროექტი

ასევე მალე, ცნობილმა კლოუნმა და მოჯირითემ, პაველ ესიკოვსკიმ მტკვრის მეორე ნაპირზეც (რკინიგზის სახლის ადგილას,) დააარსა ცირკი, რომელიც, ტფილისის ყველა სხვა ცირკის მსგავსად, არ უჩიოდა მაყურებლის ნაკლებობას.

"ყანწელები" თბილისის ცირკებში

ცირკი იმდენად პოპულარული იყო ტფილისში, რომ ქალაქის თითქმის ყველა უბანს ჰყავდა თავისი დროებითი ცირკი. არადა, XX საუკუნის 10-20-იან წლებამდე ცირკი არ ითვლებოდა ხელოვნების სრულუფლებიან დარგად და კულტურული ხალხიც ერიდებოდა ცირკში ღიად სიარულს. აი, რას წერდა 1903 წელს ანტონ ჩეხოვს თავისი არანაკლებ ცნობილი კოლეგა, ალექსანდრ კუპრინი:

„ჩვენს განათლებულ დროში სირცხვილია ცირკისადმი სიყვარულის აღიარება, მაგრამ მე ამისათვის მყოფნის გამბედაობა“.

„ამისათვის“, ცხადია, გამბედაობა ჰყოფნიდათ ტფილისშიც, რომლის ცირკებშიც, როგორც ირაკლი ქავთარაძის „ძველი თბილისის გახსენებაში“ ვკითხულობთ, იმდროინდელი მოწინავე საზოგადოებიდან ბევრს ნახავდით. განსაკუთრებულად მიმზიდველი ყოფილა ტურნირები, რომლებშიც საქვეყნოდ ცნობილი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი

„ხშირი სტუმრები იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები... რამდენი ერთი ჩამოვთვალო? განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი სეზონის ჩემპიონატი, მასში მონაწილეობდნენ ისეთი სახელოვანი ფალავნები, როგორც: ივან პოდდუბნი, კლიმენტი ბული, ალბერტ რააგო, კონრად პლიჩი ("კრასნაია მასკა" - წითელი ნიღაბი“,

სანდრო კანდელაკი

პავლე ზაგორუიკო, შულცი, ჩვენი გოლიათი, სანდრო კანდელაკი, მიშიკო მაჩაბელი და სხვა. პლიჩი წარმოშობით ლატვიელი იყო, რუსულად გაჭირვებით ლაპარაკობდა. ...ჯერი ჩვენს სახელოვან გოლიათზე, სანდრო კანდელაკზე დადგა. განსაკუთრებული მძვინვარება იყო. ჩვენი გოლიათი მანეჟზე ფეხშიშველი გამოვიდა. პლიჩმა ქვეშ მოიგდო სანდრო, რომელსაც „მოსტის“ (ხიდის) გაკეთება დასჭირდა, თუმცა პლიჩმა „მოსტი“ ჩაანგრია და სანდრო უშნოდ გაიშხლართა მიწაზე. როდესაც ცირკიდან გამოვდიოდით პაოლო იაშვილმა მიმართა სანდროს: „შე კაცო, როგორ შეგვარცხვინე, მოხდენილად მაინც „დამარცხებულიყავიო“. ამაზე სანდრომ უპასუხა: „რას იზამ? სამაგიეროდ ერთ ფურ-კამეჩს ვიყიდიო“. (ირ. ქათვარაძე. „ძველი თბილისის გახსენება“)

ცირკის ორი სახე

1917 წელს თბილსის ცირკები გაერთიანდნენ, 1920 წლიდან კი ეს გაერთიანებული ცირკი კერძო მფლობელობიდან ქალაქის მმართველობაში გადავიდა.

ა. დუროვი. ცირკის მსახიობი

თბილისის ცირკი და მისი მსახიობები ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, რასაც მაყურებელი საზოგადოდ უყენებს ცირკს: აჩვენებდა ძალას, სიმარდეს, მამაცობას, აღძრავდა სიცილს და იწვევდა აღტაცებას ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი სანახაობით და ყველაფერ ამას აკეთებდნენ: ძმები ტანტები - ლეო და კონსტანტინე, განუმეორებელი კლოუნები დონატო და ალფონსო; ღერძზე ტანმოვარჯიშეები ალექსანდრე შირაი და მისი ულამაზესი მეუღლე მარია; ორიგინალური კლოუნი ალექსანდრე ცხომელიძე თავისი ფინია ძაღლით; ბუფონადური კლოუნები ჟაკონი და ანჟელო; ვლადიმირ დუროვი - თავისი ცხოველებით და რკინიგზითდ; ბაგრი კუკუ (ზანგი) და მისი მეუღლე ანეტა პერვილი; ველოსიპედისტი ჰოლდი, აკრობატი მანიონი, ილუზიონისტი კიო და სხვები.

ცირკის რეკლამა გაზეთ "კავკაზში"

თუმცა, ერთი იყო ცირკის საზეიმო ბრწყინვალება, ამაღელვებელი სანახაობა არენაზე და სულ სხვა - არტისტების მძიმე ყოველდღიური ცხოვრება.

„ცირკის მუშაკები საკატორღო შრომას ეწეოდნენ, განსაკუთრებით პროვინციულ ცირკებში და ბალაგნებში, სადაც, როგორც წესი, დღეში 12-15-ჯერ უნდა გამოსულიყო მსახიობი თავისი ნომრის სადემონსტრაციოდ. გარდა ამისა, ის მოვალე იყო ემუშავნა შავ მუშად ცირკის შენობის დროებით დაშლა-აწყობის დროს, - წერდა 1939 წელს კულტურის დარგის ცნობილი ორგანიზატორი, გრიგოლ ბუხნიკიშილი, - „ხშირად სრულიად უხელფასოდ, მარტო კვებისთვის მუშაობდნენ. დიდი ტრაგედია იყო მათთვის ხანში შესვლა და სიბერის წლები. არავითარი უზრუნველყოფა მათთვის არ არსებობდა. მათი სიცოცხლის დაბოლოვება საუკეთესო იყო, თუ ისინი ასპარეზზე მუშაობის დროს დალევდნენ სულს ისე, როგორც რომაელი გლადიატორები.“

კლოუნი კომუნიზმის სამსახურში?

ქართული ცირკის ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა XX საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარი, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ცირკის ხელოვნებაში არა მხოლოდ გართობის, არამედ პროპაგანდის შესაძლებლობები დაინახა. 1927 წლის იანვარის პირველ ნომერში, ჟურნალმა „საბჭოთა ხელოვნებამ“ გამოაქვეყნა შ. ა-ლის მიერ ხელმოწერილი მიცრე ზომის სტატია სათაურით „ახალი ცირკი“, რომელშიც ვიკიხულობთ:

„შემცდარია ის აზრი, თითქოს გართობა მხოლოდ ბურჟუაზიის პრივილეგიაა; პროლეტარიატს არანაკლებ სწყურია საღი გართობა და საღი სიცილი, სწორედ ამას იძლევა ნამდვილი ცირკი, რადგან კარგი კლოუნი უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს საბჭოთა მაყურებელს, ვიდრე თეატრის კომედიები და კინოს ლინდერები.... ცირკის ტრიუკი, კინოს ტრიუკთან შედარებით, უფრო სინამდვილეს შეეფერება. კინოს ტრიუკი შეიძლება ფალსიფიკაცია იყოს, ცირკის ტრიუკი არასოდეს“.

თბილისის ცირკის დირექტორად დაინიშნა რომანოზ გამასახურდია - საცირკო ხელოვნების უდიდესი სპეციალისტი, რომელიც სხვა და სხვა დროს ხელმძღვანელობდა არაერთ ცირკს რუსეთის იმპერიის უმსხვილეს ქალაქებში.

შთამბეჭდავია, გამსახურდიას დირექტორობის დროს (1929-1939 წწ) როგორც თბილისის ცირკის მსახიობთა ნაყოფიერება, ასევე ქართველი მაყურებლის ინტერესი საცირკო ხელოვნებისადმი: 10 წლის განმავლობაში თბილისის ცირკმა გამართა 2790 წარმოდგენა (730 სხვადსხვა სცირკო ნომერი), რომელიც, ჯამში, 2 მლნ 448 ათასმა მაყურებელმა ნახა.

„ბერიას ცირკი“ - გამარჯვებული სოციალიზმის ღირსი

ძველი ცირკის შენობა ვერ იყო სათანადოდ მოწყობილი და ვეღარ პასუხობდა როგორც მსახიობების, ასევე მაყურებლების მოთხოვნებს:

„მაყურებლისთვის არც ფოიე იყო და - არც ვესტიბიული; შესასვლელში მუდამ ჭეჭყა იყო. თუ მაყურებლისთვის ელემენტარული მოწყობილობა არ არსებობდა, მით უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ არტისტები. ერთმანეთისგან დაშორებული პატარა, ვიწრო საპირფარეშოები მუშაობას ხელს უშლიდა. ცხადია, რომ ასეთი მდგომარეობა მიუღებელი იყო. საქართველოს მშრომელთა ხელმძღვანელმა ამხანაგმა ლ. ბერიამ დასვა ცირკისთვის ახალი, ფართო და ლამაზი შენობის აგების საკითხი“, - წერდა 1939 წლის ქართული საბჭოთა პრესა.

ლავრენტი ბერია

ცირკის მშენებლობის საკითხი საქართველოს ცკ-ს I მდივანმა ლავრენტი ბერიამ ჯერ კიდევ 1932 წელს დააყენა. გამოცხადდა კონკურსი.

როგორც არქიტექტორმა ლევან კალანდარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კონკურსში წარდგენილი პროექტების ავ-კარგზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ნოდარ ჯანბერიძის წიგნის „ქართული საბჭოთა არქიტექტურის" ილუსტრაციების მიხედვით.

ესკიზებიდან ვასკვნით, რომ ნამუშევრების ნაწილი მადათოვის კუნძულისთვის იყო გაკეთებული, ერთგან პირდაპირ მტკვარზე ჩასასვლელიც კი ჩანს. არადა, ცირკის შენობისთვის შეირჩა 40 მეტრი სიმაღლის გორაკი გმირთა მოედანთან.

თბილსისი ცირკის ესკიზი

საბოლოოდ გამარჯვებული ნამუშევრის გამოსავლენად ჩატარდა კონკურსის სამი ტური. შედეგად დასამუშავებლად მიღებული იქნა ერთი საესკიზო პროექტი.

თბილისის ცირკის არქიტექტურა - ესკიზები


"ამ პროექტის დამუშავების პროცესში, ამხ. ლავრენტი ბერიას მთელი რიგი მითითებების შემდეგ, ტექნიკური პროექტის ავტორებმა, არქიტექტორებმა ნიკოლოზ ნეპრინცევმა, სტეფანე სატუნცმა და ვლადიმერ ურუშაძემ საბოლოოდ დაამუშავეს ცირკის ახალი შენობის გეგმა ისე, რომ ის გამხდარიყო ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო შენობად და ღირსი ყოფილიყო გამარჯვბეული სოციალიზმის, ჩვენს ქვეყანაში კულტურისა და ხელოვნების აყვავების ეპოქისა“. („სხ“ 1939 წ. N9)

ლევან კალანდარიშვილი

ლევან კალანდარიშვილი: „სინამდვილეში მოხდა ორი ესკიზის სინთეზი, შეჯერება. თუ დააკვირდებით ერთი ესკიზის ავტორები არიან ნეპრინცევი და სატუნცი, ერთისაც - ცალკე ურუშაძე. სწორედ ეს ორი პროექტი გააერთიანეს, რაც ეტყობა კიდეც დღევანდელ შენობას, რომელიც სადაა და არ არის ისეთი პომმპეზური, როგორიც კონკურსში წრდგენილი პროექტებია, თუმცა ბევრი წუხს კიბის გამო... ასევე არ არის მოედანზე ორიენტირებული, თუმცა ეს ასიმეტრია რაღაც ეფექტსაც ახდენს. მთლიანობაში კი მოედანი მაინც ბოლომდე დაუმთავრებელი და მოუწესრიგებელი დარჩა, დღემდე ასეა“.

ცირკის შენობა განთავსებულია ბორცვზე, რომელიც წამოიქმნა ახალი გზის გაჭრის შემდეგ. ბორცვის სიმაღლე, როგორც ვთქვით, 40 მეტრია. სწორედ ამით არის განპირობებული შენობის, როგორც განაშენიანების წამყვანი ელემენტის დომინანტური მდგომარეობა არა მხოლოდ გმირთა მოედანზე, არამედ ქალაქის დიდ ნაწილზე.

ცნობილი არქიტექტორი თენგიზ კვირკველიაც ფიქრობდა, რომ, მთლიანობაში, არქიტექტორებმა ბოლომდე ვერ გამოიყენეს ძალიან ხელსაყრელი ადგილმდებარეობა.

თბილისის ცირკი

„ძნელად ასახსნელია კიბის ღერძის წანაცვლება შენობის ღერძისგან, რაც ალბათ სამწუხარო შეცდომის ბრალია. ამასთან, თუკი შორი აღქმიდან მოცულობების საფეხურებრივი აგება ლოგიკურად აგვირგვინებს ბორცვს, იგივეს ვერ ვიტყვით მოედნის მხრიდან ნაგებობის აღქმაზე. ისედაც დაბალ პოდიუმზე განთავსებული ცირკის შენობა შეწეულია ბორცვის კიდიდან სიღრმეში. შედეგად, ძლიერი რაკურსით დათვალიერებისას, შენობა თითქოს ჩამოჭრილია ბორცვის კიდით“. (თენგიზ კვირკველია. „თბილისის არქიტექტურა“. 1985)

თბილისის ცირკის გეომეტრია

თბილისის ცირკის გარესახე მთლიანად ნაკარნახევია შენობის ფუნქციით და წარმოადგენს ერთმანეთზე დადგმულ ცილინდრებს.

"ცირკის შენობა აგებულია წრიული ფორმით და ჰორიზონტალის მიხედვით სამ ნაწილად იყოფა. ქვედა 64 მეტრიანი დიამეტრით, მაღალი და მძლავრი, რვასვეტიანი იონური პორტიკით მთავარ შესასვლელათნ; სუშუალო - ესეც მრგვალი, მაგრამ გაცილებთი მცირე მოცულობით, და ზემოთა, რომელსაც ამთავრებს 13 მეტრიანი დიამეტრის კონუსისმაგვარი გუმბათი. ასეთი საფეხურებრივი კომპოზიცია თითქოს აგრძელებს ბორცვის ხაზის სიმაღლისკენ ლტოლვას. მაყურებელთა დარბაზი საყრდენი სვეტების გარეშეა, ეს კი ქმნის სივრცისა და კომპაქტურობის შთაბეჭდილებას, რაც კიდევ უფრო ძლიერდება უზარმაზარი გუმბათის პლაფონიდან ჩამოღვრილი სინათლის წყალობით" - ვკითხულობთ 1980 წელს გიორგი ხუციშვილის მიერ გამოცემულ მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნი "ჩემი თბილის-ქალაქი".

გმირთა მოედნიდან ცირკისკენ მიემართება ფართო და მაღალი ბაზალტის კიბე. თამარ მეფის (ყოფილი ჩელუსკინელების) ქუჩიდან ბორცვის მწვერვალისკენ საავტომობილო გზაც მიდის.

ცირკის მთავარ შესასვლელში ხუთი ფართო კარია. მთავარი შესასვლელის გარდა, შენობას ასევე აქვს ორი შესასვლელი გვერდიდან.

მაყურებლის დარბაზში 2 000 სკამია, მათ შორის 100-მდე 4 ადგილიან ლოჟაში დგას, დანარჩენი ადგილები განაწილებულია 17 რიგიან მრგვალ ამიფთეატრში, რომლის ცენტრში მოთავსებულია ცირკის არენა 13,5 მეტრის დიამეტრით, მაშინ როცა მთელი დარბაზის დიამეტრი 44 მეტრია.

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ცირკის არენის დიამეტრი მსოფლიოს ყველა ცირკში 13.5 მეტრია, სიმრგვალე კი გამოწვეულია ცხენოსნობისთვის, რათა ცხენმა თანაბარი ტემპით გაჭენება შეძლოს. არენის დიამეტრის მსგავსად, განსაზღვრულია არენის მოაჯირის სიმაღლე და სიგანე, რომლებიც, შესაბამისად, 50 სმ და 30 სმ-ია. სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ასეთ მოაჯირზე შეუძლია ცხენს ფეხებით თავისუფლად შედგომა და ისე სიარული.

ახალი ცირკის პირველი სეზონი

თბილისის ახალი ცირკი ოფიციალურად გაიხსნა 1939 წლის 19 დეკემბერს. როგორც, მაშინდელი პრესა წერდა, შთამბეჭდავი იყო პირველივე სეზონი.

გმირთა მოედანი. დ. სმირნოვის ფოტო. ეროვნული არქივი

ცირკის აფიშები მოქალაქეებს უხმობდნენ იური დუროვისა და მისი გაწვრთნილი ზღვის ლომების, სპილო-პარიკმახერის, სახანძრო რაზმელი ძაღლებისა და ილუზიონისტი ქალის კლეო დოროტის სანახავდ. თბილისის ცირკის არენაზე გამოდიოდა ჟონგლიორი ქალი ლიდია იუნორი, რომელიც ყველა კიდურით ერთდროულად ჟონგლიორობა, აქვე იყო ლეო ტანტი და მუსიკალური სატირიკოსები „10 კლოუნი“, თუმცა ცენტრალურ ნომრად წარმოდგენილი იყო ახალი ატრაქციონი: „მოტო-მარულა დახრილ ტრეკზე“ ორდენოსან არტისტის პ. მიაცკის ხელმძვანელობით“.

"მოტო-მარულა". თბილისის ცირკი. 1940 წ.

როგორც ირკვევა, ნომერი იყო ერთგვარი პასუხი, გამოხმაურება მფრინავ, ვალერი ჩკალოვის მოწოდებაზე, მოტოსპორტისთვის მიექციათ მეტი ყურადღება მისი ფიზკულტურაში დანერგვითა და პროპაგანდის სახით.

„საცხენოსნო სპორტი საუკუნოვანი ტრადიციით არის დაკავშირებული ცირკთან. და აი ცხენების მაგიერ მანეჟზე ფოლადის რაშებია“, - ვკითხულობთ 1940 წლის სეზონის შეჯამებაში, - „ცირკი გაივსო მოტორების ღრიალით და ოთხი ახალგაზრდა სწრაფად მოსწყდებიან მოტოციკლებით არენის შუაგულს და იწყება გააფთრებული და თვალწარმტაცი სვლა ციცაბო, დახრილ ტრეკზე, რომლითაც გარშემოტყმულია არენა. არტისტების ხელში ფოლადის მანქანები მსუბუქი და მორჩილი არიან, როგორც კარგად გაწვრთნილი ცხენები. მტოციკლების სრული სვლის დროს ქალიშვილები აწარმოებენ რთულ აკრობატულ ვარჯიშობას. ცირკის ახალი შენობა ყოველგვარ საშუალებას იძლევა საცირკო ხელოვნების სრულყოფილი და მრავალნაირი დემონსტრაციისათვის. თბილისის ცირკი გადაიქცა ერთ-ერთ წამყვან ცირკად საბჭოთა კავშირში“.

თბილისის ცირკის ქართული აქცენტი

თბილისის ცირკი მრავალი წლის განმავლობაში მართლა ითვლებოდა წამყვან ცირკად საბჭოთა კავშირის მასტაბით. ასევე საუკეთესოდ იყო მიჩნეული თბილისის ცირკის არქიტექტურაც. 1976 წელს, საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა კავშრისა და სამოქალაქო მშენებლობისა და არქიტექტურის საკავშირო კომიტეტის ჟურნალ „სოვეტსკაია არქიტექტურას“ მე- 7 ნომერში დაიბეჭდა სტატია „ცირკების არქიტექტურა“, რომელშიც თბილისის ცირკის შენობის არქიტექტურა მოტანილია, როგორც სანიმუშო მაგალითი, არადა იქვე დაბედილია სხვა დიდი ქალაქების ცირკის შენობათა ფოტოები და მაკეტები.

ცირკების არქიტექტურა ყოფილ საბჭოთა ქალაქებში

„ცირკის შენობების ფორმების ძიება და დამუშავება, რაც უპასუხებდა საბჭოთა არქიტექტურის მოთხოვნებს, დაიწყო მაშინ, როცა უკვე დამკვიდრებული იყო ცირკის ფუნქციონალური ფორმის ერთგვარი სტერეოტიპი. გუშინდელი შაპიტო, თავის ზიზილპიპილოებით, თანდათან შეცვალა მონუმენტურმა შენობამ, რომელიც სამართლიანად იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს ქალაქის არქიტექტურულ ანსამბლში. ცირკის შენობის ფორმების ძიებისას ყრადღება მახვილდება ნაციონალურ თავისებურებებსა და ადგილობრივ ტრადიციებზე, ეროვნულ მოტივებზე... თავისი განუმეორებელი ეროვნული კოლორიტით უზარმაზარ პირამიდად აღმართულა თბილისის ცირკი. ის თითქოს წარმოადგენს იმ ბორცვის გაგრძელებას, რომლზეც დგას. შენობის სახის შექმნისას გათვალისწინებულია საქართველოს ლანდშაფტის თავისებურებები, დემონსტრაციულად, ტექტონიკური ფორმებით, შექმნილია დაუვიწყარი, თვალწარმტაცი სურათი“, - ვკითხულობთ „საბჭოთა არქიტექტურაში“.

თბილისის ცირკი

თბილისის ცირკმა ასევე დიდი ძალისხმევა გასწია ქართული ეროვნული საცირკო ფორმებისა და კადრების შექმნაზე. 15-კაციანი ქართული საცირკო ანსამბლის პრემიერა 1958 წლის 18 თებერვალს გაიმართა. მანეჟზე გამოჩდნენ ქართველი მსახიობები:

სანდრო დადეშქელიანი თბილისის ცირკში

ლეგენდარული ეკვილიბრისტი და კლოუნი ივანე გოლიაძე, მუშაითი ალექსანდრე ცხომელიძე (ალექს), საჰაერო ტანმოვარჯიშე ანტონ და ავგუსტინა აღდგომელაშვილები, ღერძზე მომუშავე ნიკო მაყაშვილი (ნიკოლინი), იუმორისტი გიორგი მესტიაშვილი, ცხენოსანი დები კლარა და ვალენტინა გამსახურდიები, უცნობილესი სანდრო დადეშქელიანი, რომელსაც დაბადებიდან არ ჰქონდა ხელები, თუმცა ფეხის თითები იმდენად ჰქონდა განვითარებული, რომ თავისუფლად ხმარობდა მათ: იღებდა ჭიქას, ხატავდა, ფურცლავდა ჟურნალს, იხდიდა ქუდს, მომართავდა მაჯის საათს, ისვრიდა თოფს ნიშანში, თლიდა ფანქარს და ა.შ.

ქართული დასის მხატვრულ გაფორმებაში მონაწილეობა მიიღეს მხატვრებმა ლადო გუდიაშვილმა და ვ. ზარიძემ, მუსიკალური ფონი კი კომპოზიტომა ბიძინა კვერნაძემ შექმნა.

ცირკი, რომელიც აღარ მოვა...

საბოლოო ჯამში, დროს ვერც ქართულმა დასმა გაუძლო და ვერც - თბილისის ცირკმა. საბჭოთა კავშირის დაშლამ, მძიმე ფინანსურმა კრიზმისმა და სახელმწიფო დოტაციის მოშლამ, შეუძლებელი გახადა ცირკის ძველი დატვირთვით მუშაობა.

თბილისის ცირკი გმირთა მოედნის მაკეტზე

„ფიზიკური და მორალური თვისებებით დაჯილოდებული საბჭოთა ცირკის მსახიობი შეიძლება მაგალითი გახდეს ჩვენი ახალგაზრდებისათვის. განსაკუთრებით დიდი შესაძლებლობანი აქვთ სასაუბრო ჟანრის მსახიობებს. მათ რეპერტუარში ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს იდეური მიზანსწრაფვა, აქტუალობა, ცხოვრებასთან კავშირი. ოპტიმისტური, მრავალფეროვანი, ლამაზი, ხალისიანი საცირკო ხელოვნება მოწოდებულია აღზარდოს და აღაფრთოვანოს საბჭოთა ადამიანი“, - ასე ხედავდნენ საბჭოთა კავშირში ცირკის დანიშნულებას, მაგრამ დღეს, როცა საბჭოთა კავშირი წარსულში დარჩა, ხოლო თბილისის ცირკი კერძო საკუთრებაშია, ცხადია მას აღარ აქვს ამგვარი იდეოლოგიური საფუძვლელი, შესაბამისად ადამიანების "საბჭოთა აღზრდაში" ფულის გადამხდელიც არავინაა. თბილისის ცირკს უწევს არსებობისთვის ბრძოლა გართობის ინდუსტრიაში არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, თუმცა მისი ძველი დიდებიდან სრულფასოვნად მხოლოდ შენობაა შემორჩენილი, რომელიც კვლავინდებურად დგას 40 მეტრიან ბორცვზე და ამ დგომით მოაქვს ყველაზე მეტი სარგებელი: ვის მზერას უტკბობს, ვის კი ძველი გაზეთების, წიგნების და არქივების ქექვისკენ უბიძგებს.