პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ლობისტების შესახებ გიგა ბოკერიას შეკითხვას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა უპასუხა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ლობისტებს ეხებოდა.

„ბატონო გიგა, ლობისტებთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილებით ეს რჩევაა თუ ჩვენება, საერთოდ ღიმილისმომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ“, - მიმართა გახარიამ ოპონენტს.

ბოკერიამ პრემიერს ჰკითხა, ვინ ურჩია ხელისუფლებას, მთავრობის მაგივრად ლობისტებმა მიმართონ პარტნიორებს. დეპუტატის შეფასებით, ეს არის „სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი“.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, DCI Group-ის წარმომადგენლის, ჯერი მარკონის მიერ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში 16 მაისს გაგზავნილი წერილის ასლი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალებით „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს საარჩევნო რეფორმის შეთანხმების მხარდასაჭერად“, თუმცა ოპოზიციური პარტიები თავიანთ პირობებს არ ასრულებენ.

რაც შეეხება გახარიას მიერ ხსენებულ ლობისტებთან ურთიერთობაში დეპუტატის გამოცდილებას, პრემიერი სავარაუდოდ გულისხმობდა სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებშიც ბოკერიამ 2019 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა.

საქმე 2010-2013 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას საქმიანობას უკავშირდება, მას მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“.

უშიშროების საბჭოს მიერ „დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე“ გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სტატუსით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

„საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის რანგში, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას ლობისტებისთვის თანხის გადაცემაში ადანაშაულებდა.