ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფ მოქალაქეებს აფხაზეთში დასაბრუნებლად "საზღვარს" უხსნიან

ენგურის ხიდი

ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან, 26 მაისიდან შეძლებენ.

გალის ტელევიზია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმზე, ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ „აფხაზეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ზომა განხორციელდება 2005 წლის საერთაშორისო სამედიცინი-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროს მოქმედებს“.

აფხაზეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ექიმები შეამოწმებენ. სკორიკის ინფორმაციით, მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის ცნობა. მას ვისაც, ასეთი ცნობა არ ექნება, ტესტირებას ჩაუტარებენ. ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულები 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ. ლუდმილა სკორიკის განცხადებით, ამ რეჟიმის დაცვას ადგილობრივი სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტში დაკეტა, თუმცა, მას შემდეგ ათეულობით მოქალაქეს მისცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის უფლება. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების, არამედ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.