ტიკარაძე: ვგეგმავთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციას მის განცხადებებთან დაკავშირებით

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იგეგმება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან, არსენ ტოროსიანთან კომუნიკაცია, რათა დეტალურად გაირკვეს, რა გახდა მისი განცხადებების მიზეზი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის შესახებ სტატისტიკა ეჭვს იწვევს.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საუბარში მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი სომეხი კოლეგის მიერ გაკეთებული განცხადებები არგუმენტს მოკლებულია:

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია და გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა მის კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ, ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, სტატისტიკა არის სარწმუნო და მასთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილია.

22 მაისს, სომხური მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ეჭვი შეიტანა საქართველოს სტატისტიკაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ასახავს და თქვა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე უკეთესია.

ტოროსიანის ეჭვს და შეფასებებს მცდარი უწოდეს თბილისში. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა.

სომხეთის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 7100-ზე მეტი ადამიანი. 87 გარდაიცვალა.

25 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვია 731. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 ადამიანი.