ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ტყის ფლობის სურვილი არ გაუჩნდება

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ტყის კოდექსთან დაკავშირებით. ის ამაში არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ადანაშაულებს და მათ კოდექსის წაკითხვას ურჩევს.

წილოსანი ამბობს, რომ თუ ეკლესიებს ტყის ფლობის სურვილი გაუჩნდებათ, შესაბამისი გეგმა უნდა წარუდგინონ შესაბამის უწყებას და თანხმობის შემთხვევაში გადაეცემათ.

"ძალიან რთულია ამ პირობებში, ფინანსური და ადამიანური საჭიროებებიდან გამომდინარე, გაუჩნდეთ მათი [ტყის] ფლობის სურვილი", - თქვა წილოსანმა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 მაისს მესამე მოსმენით მიიღო ტყის კოდექსი. ამ დოკუმენტით მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარამდე ტყის მასივი საკუთრებად აქციოს. წილოსანის თქმით, ეს მხოლოდ ფაქტობრივ სარგებლობაში ტყის მასივებს შეეხება.