რუსეთი აშშ-ს ადანაშაულებს უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში ღია ცის შეთანხმებიდან გასვლით

მაღალი რანგის რუსი დიპლომატი აშშ-ს ბრალად სდებს, რომ ესწრაფვის ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო ხელშეკრულებას მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, აშშ-ის ოფიციალური პირების ნათქვამზე დაყრდნობით, რომ რუსეთი სისტემატურად არღვევს შეთანხმების პირობებს.

ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ აშშ გავა 18 წლის წინ დადებული შეთანხმებიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ მოუყვანია ფაქტები, რათა თავისი ბრალდება, რომ მოსკოვმა განმეორებით დაარღვია შეთანხმების პირობები, გაემაგრებინა. მისი თქმით, აშშ-ის ბრალდება „სრულიად უსაფუძვლოა“.

ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიის თავზე აწარმოონ სათვალთვალო ფრენები სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, 21 მაისის განცხადებაში წერია, რომ ვაშინგტონი შეთანხმებაზე ხელის მომწერ 34 ქვეყანას ამცნობს თავისი გასვლის შესახებ ექვს თვეში, მაგრამ შეიძლება გადაიფიქროს ეს, თუ რუსეთი პირობების სრულად შესრულებას დაუბრუნდება.

ამ ქმედებას განგაში მოჰყვა მეთვალყურე ჯგუფებისა და აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის მხრიდან. მათი აზრით, ეს ნაბიჯი ზრდის გამალებული შეიარაღებისა და შემთხვევითი სამხედრო დაპირისპირებების შესაძლებლობას.

21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა: „მე კარგი ურთიერთობები მაქვს რუსეთთან, მაგრამ მოსკოვი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. არის დიდი შანსი, რომ ახალ შეთანხმებას მივაღწევთ“.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. რუსეთმა დოკუმენტს 2001 წელს გაუკეთა რატიფიკაცია. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ.

გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროპის კიდევ რვა ქვეყანამ სინანული გამოხატეს აშშ-ის გადაწყვეტილების აგმო.

ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს, რომ ის მას ხელს უშლის ფრენაში კალინინგრადის ოლქის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე.