ირაკლი კობახიძე: დაწესებული შეზღუდვების ვადა, მაგალითად 15 ივლისამდე განვსაზღვროთ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე " "საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში" ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრამდე გამოვიდა ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, შეზღუდვების შენარჩუნების ნორმა დროებით შესაბამისი კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს და მისი მოქმედების პირობითი ვადა განისაზღვროს:

„მაგალითად პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ რომ დღესვე ეს იდეა განვიხილოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინიციატივას უმრავლესობა ტაშით შეხვდა. მმართველ უმრავლესობაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წინადადება ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნება.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში" ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტში 22 მაისს გაიმართება.

კანონში შესატანი ცვლილებებით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებენ შეზღუდონ თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

კანონის პროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, მათ შორის, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები. ისინი მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა პარლამენტის პასუხისმგებლობად უნდა დარჩეს.