ბოკუჩავა საკანონმდებლო ცვლილებაზე: მთავრობას ავტოკრატიულ უფლებამოსილებას ანიჭებენ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია, თუმცა მაშინ როცა ამ მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღება ბლანკეტურად და პარლამენტის როლის სრული ნიველირებით ხდება, სახეზეა პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ მთავრობისათვის ავტოკრატიული მმართველობის უფლებამოსილების მინიჭების მცდელობა.

დეპუტატის თანახმად, თუ ცვლილების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული შეკითხვები არ მოიხსნება, იძულებულები გახდებიან კანონის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის" კანონში ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.