ახალი კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში, 6 გრაფიკში

ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია საქართველოსა და მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. ვირუსის აფეთქებიდან - რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო - რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პირველად აქვეყნებს კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზს.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ გლობალური კრიზისი გამოიწვია. ესაა 6 ჩარტი, რომელიც ხსნის კორონავირუსის ეფექტს საქართველოში. მონაცემები ასახავს 11 მაისის მდგომარეობას.

1) დღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა ახალ შემთხვევებს

ლიმიტირებული ტესტირების გამო, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა საქართველოში ცნობილი არაა. ქვეყანაში პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე (19 მაისი) სულ ცნობილია კოვიდინფიცირების 702 შემთხვევა.

12 მაისს, ვირუსის აფეთქებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დარჩენილი პაციენტების რაოდენობას გადააჭარბა.

ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმეტესობა კლინიკებში 21-დან 30-მდე დღეს ატარებს.

2)​ იცოდე კოვიდ 19-ის სიმპტომები

სიმპტომების არქონა არ ნიშნავს, რომ უსაფრთხო ხარ გარშემომყოფთათვის. 500-დან 83 შემთხვევა (16,6%) სრულიად ასიმპტომური იყო. სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი და თავის ტკივილი. პაციენტების ნახევარზე მეტს ერთზე მეტი სიმპტომი აღენიშნებოდა.

დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ ერთი ადამიანი 3.88 ადამიანს აავადებდა. 11 მაისისთვის – 0.47 ადამიანს.

3) ტესტირების შედეგი

საქართველომ უარი თქვა მასობრივ ტესტირებაზე და მიზნობრივი ჯგუფების შემოწმების გზა აირჩია. სამ თვესა და 11 დღეში შეამოწმეს 32 283 ადამიანი - სტანდარტული შემთხვევები, კონტაქტები, ჯანდაცვის მუშაკები, პაციენტი პნევმონიით ან ცხელებით, ხანდაზმულები და შშმ პირები, კარანტინში მომუშავე პერსონალი, საბაჟო-გამშვები და სასაზღვრე პუნქტების თანამშრომლები და ა.შ. 11 მაისის მონაცემებით, ტესტირებულთა მხოლოდ 2%-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია.

კვლევის პერიოდში საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების კოვიდ-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა.

4) ტესტირება ლაბორატორიების მიხედვით

კორონავირუსის აფეთქების თავდაპირველ პერიოდში, ოქროს სტანდარტად მიჩნეული PCR კვლევას მხოლოდ ამერიკის დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ლაბორატორიაში ატარებდნენ. პანდემიამ რეალურ მაგალითზე აჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. საქართველოში COVID-19 ინფექციის ყველა შემთხვევა დადასტურებულია PCR კვლევით. კვლევების 79% ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა.

5) დადასტურებული შემთხვევები და გარდაცვალება რეგიონების მიხედვით

საქართველოში აღირიცხა მხოლოდ 95 იმპორტირებული შემთხვევა. კორონავირუსი ყველაზე მეტად შეეხო ქვემო ქართლის რეგიონს. დიდ კლასტერებში ყველაზე საყურადღებო იყო ბოლნისის კლასტერი, რაც მუნიციპალიტეტის მკაცრი იზოლაციის საფუძველი გახდა.

11 მაისის მდგომარეობით, დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიეს 3 500-მდე კონტაქტი.

6) თანმხლები დაავადებები კოვიდინფექციით გარდაცვლილებში

11 მაისის მდგომარეობით COVID-19-ით საქართველოში 10 ადამიანი იყო გარდაცვლილი. მათ უმრავლესობას სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები აღენიშნა. დაღუპულთა ნახევარი 79 წელზე მეტის იყო, კიდევ ორი 70-79 წლამდე, ხოლო კოვიდინფექციით გარდაცვლილი ორი ადამიანი 70 წლამდე ასაკის იყო.