თევზი როგორც ჰალსტუხი

გერმანულმა გაზეთმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმა“ (Frankfurter Allgemeine Zeitung-) სულ ახლახან დაბეჭდა სტატია ქართველ ფუტურისტებსა და მათ ალმანახ „H2SO4“-ზე. პუბლიკაციიდან, რომლის სათაურია „თევზი, როგორ უკეთესი ჰალსტუხი“ (Fisch als bessere Krawatte), გერმანულენოვანი მკითხველი, გარდა იმისა, რომ მიიღებს უაღრესად საინტერესო ცნობებს თბილისური ავანგარდის შესახებ, ასევე აღმოაჩენს, რომ XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთის კულტურაში მიმდინარე პროცესების ანალოგიურ მოვლენებს ადგილი ჰქონია ქართულ კულტურაშიც.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან, როცა ვსაუბრობთ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა, სწორედ ასეთ მომენტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა: ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი კულტურულადაც და, შესაბამისად, მოვლენებსაც, რომლებიც ხდებოდა დასავლეთში, მეტ-ნაკლებად ვუწყობდით ფეხს. ჩვენთან რომ არ მოსულიყვნენ ბოლშევიკები, გვექნებოდა უაღრესად საინტერესო კულტურული მიღწევები, მათ შორის ავანგარდის თვალსაზრისითაც“, - ამბობს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, რომელიც ასევე ავტორია ამავე გამოცემაში ორი წლის წინ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიისა „ცისფერი ყანწები.“

„გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემეინე ცაიტუნგი“. 2020 წ. 13 მაისი.

„საერთაშორისო მედიაში ცოტა იწერება ქართულ კულტურაზე და კიდევ უფრო ცოტა იწერება კვალიფიციურად. საქართველოში ჩამოსულ გერმანელებსაც ძირითადად აინტერესებთ სტალინის მუზეუმი გორში. პოლიტიკური კრიზისს დროს იწერება მცირე, ზედაპირული ცნობები საქართველოზე. არადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე იყოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, არ იყოს მხოლოდ პოლიტიკური თემები, ჩანდეს რომ საქართველოში სხვა ბევრი რამ ხდება. ამ თვალსაზრისით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ და საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსმა ითამაშა უაღრესად პოზიტიური როლი. ბაზრობის წინა პერიოდში ბევრი დიდი გაზეთის კულტურის განყოფილების თანამშრომელი დაგვიკავშირდა, მათ შორის იყო ტილმან შპრეკელსენი (Tilman Spreckelsen) „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგიდან“, რომელსაც გერმანულ ენაზე გაკეთებული აქვს ვეფხისტყაოსნის ადაპტირებული ვერსია ახალგაზრდებისთვის. სწორედ მან შემომთავაზა სტატიის დაწერა ქართული ლიტერატურის შესახებ“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ლაშა ბაქრაძე

საგულისხმოა, რომ ლაშა ბაქრაძის მეორე სტატიის გმირები - ქართველი ფუტურისტები (ნიგოლ თავდგირიძე (ნიკოლოზ ჩაჩავა), აკაკი ბელიაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, პავლე ნოზაძე, ბესო ჟღენტი, დავით გაჩეჩილაძე, ბენო გორდეზიანი, ირაკლი გამრეკელი, შალვა ალხაზიშვილი, ჟანგო ღოღობერიძე, ნიკოლოზ შენგელაია და სხვ.) განსაკუთრებულად მტრობდნენ პირველი სტატიის გმირებს - ცისფერყანწელებს. სტატიაში მოტანილია ამ „მტრობის“ როგორც ლიტერატურული, ასევე ყოფითი, ცხოვრებისეული მაგალითებიც: გრიგოლ რობაქიძისათვის თავიდან პარიკის მოგლეჯა, ქიმიით გატაცებული აკაკი ბელიაშვილის მყრალი, მხჩოლავი „ბომბებით“ ოპონენტთა შეკრებების დაშლა და ა.შ. ეპატაჟური იყო ფუტურისტების ქცევაც და ჩაცმულობაც: კოსტუმები - უკუღმა (ბ. ჟღენტის მოგონება), ჰალსტუხების ნაცვლად - თევზი ან ბოლოკი, დეკლამაცია - ხიდან ან სახურავიდან და, რაც მთავარია, სრული მიუღებლობა ლიტერატურული წარსულისა („ჩვენ უარვყოფთ წარსულს. ეს მხოლოდ ლიტერატურას შეეხება“. „მე პირველი უარვყოფ დღევანდლამდე არსებულ ქართულ პოეზიას...“ - „Н2SO4. 1924 წ. N1).

ქართველი ფუტურისტების ალმანახი H2SO4

როგორც უკვე ვთქვით, ფუტურისტები განსაკუთრებულად არ წყალობდნენ ცისფერყანწელებს, როგორც დომინანტ და ბურჟუაზიულ ლიტერატურულ ჯგუფს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ყანწელები რჩებოდნენ ვალში ოპონენტებს.

„სწორედ ყოველივე ძველისადმი ფუტურისტების ასეთ დამოკიდებულებას უძღვნა პაოლო იაშვილმა 1923 წელს პიტნავას დუქანში ხელსახოცზე დაწერილი ეს ექსპრომტი:

უწინ ლეკები, შმაგი ქისტები

თავზე ესხმოდნენ კახეთის მდელოს,

დღეს კი ჭაბუკი ფუტურისტები

ანადგურებენ ძველ საქართველოს.“

( „XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება“. რევაზ კვერენჩხილაძე“

ლაშა ბაქრაძის თქმით, ქართველი ფუტურისტები, იმის გამო, რომ გასაბჭოების შემდეგ გამოვიდნენ ასპარეზზე, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არ ასოცირებულიყვნენ მანამდე არსებულ, დამოუკიდებლობის დროინდელ ავანგარდთან და ფუტურისტულ-დადაისტურ მიმართულებასთან.

H2SO4-ის ყდა

„თავის თავს დადაისტებს არ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ დადაისტური მომენტი ძალიან ძლიერია მათ შემოქმედებაში. არ უწოდებდნენ იმის გამო, რომ დადაიზმი სსრკ-ში ითვლებოდა დეკადენტურ მიმართულებად და არ უნდოდათ ყოფილიყვნენ მასთან ასოცირებული. უნდოდათ, რომ დაკავშირებული ყოფილიყვნენ რუსული ავანგარდის ისეთ უაღრესად საინტერესო მოვლენასთან, როგორიც იყო მემარცხენე ფრონტი ხელოვნებისა (ЛЕФ)“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე, თუმცა იქვე იმასაც შენიშნავს, რომ ყველაფერი დაიწყო იტალიელი პოეტის, ფილიპო ტომაზო მარინეტის მიერ შექმნილ ფუტურიზმის პირველ მანიფესტიდან, რომელიც 1909 წელს გამოქვეყნდა და, რომელმაც იმავე წელსვე ჩამოაღწია ტფილისში.

„რუსეთში „ფუტურიზმის მანიფესტი“ გამოქვეყნდა 1909 წლის მარტში გაზეთ „ვეჩერ“-ში და მალე, ტიფლისის ვაჟთა I გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის ბ. ლაპოტინსკის დამსახურებით მოხვდა საქართველოში. საქართველოში ერთ-ერთი პირველები, ვინც გაიტაცა ფუტურისტულმა იდეებმა იყვნენ ლაპოტინსკის მოსწავლეები - ძმები პოეტი ილია და მხატვარი კირილ ზდანევიჩები“ („ფუტურისტული წიგნი საქართველოში“. მარინა მეძმარიაშვილი).

სწორედ ზდანევიჩის მიერ არის გაფორმებული „მელნიკოვას ფანტასტიური სამიკიტნო“ (1919 წ) - მსახიობ სოფია მელნიკოვასადმი მიძღვნილი კრებული, რომელიც პოლონელი, ქართველი, სომეხი და რუსი მწერლებისა და მხატვრების (ა. ბაჟბეუკ-მელიქოვი, ს. ვალიშევსკი, ნატალია გონჩაროვა, ლ. გუდიაშვილი, ი. დ კ. ზდანევიჩები, კარა-დერვიში, ა. კრუჩენიხი, ტ, ტაბიძე, ნ. ჩერნიავსკი და სხვა.) ნახატებისა და რუსული, სომხური და ქართული ტექსტებისგან შედგება.

„მელნიკოვას ფანტასტიური სამიკიტნო“ (1919 წ)

ქართული ლიტერატურის მუზეუმს ორივე ალმანახის - „H2SO4“-ისა და „მელნიკოვას ფანტასტიური სამიკიტნოს“ რეპრინტები აქვს გამოცემული, შესაბამისად 2011 და 2012 წლებში. ლაშა ბაქრაძის თქმით, ილია ზდანევიჩი 1920 წლიდან წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ ქართველი ფუტურისტები კარგად იცნობდნენ ილიას ძმას, კირილე ზდანევიჩს. ბაქრაძის თქმითვე, შემთხვევით არ არის, რომ ორივე გამოცემაში თვალშისაცემია ანბანისადმი, ასო-ნიშნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.

„ კარგად ჩანს, როგორი იყო ტიპოგრაფიკა, რომელსაც ჰქონდა უაღრესად დიდი და საინტერესო დატვირთვა. გამოყენებულია როგორც შერეული, სხვადასხვა ზომის შრიფტები, ასევე სქემატურად გახლეჩილი ტექსტები. „მელნიკოვაში“ ეს გაკეთებულია რუსულ ანბანზე, „H2SO4“-ში კი - ქართულზე“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

„მელნიკოვას ფანტასტიური სამიკიტნო“. შიდა გვერდები

ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო 1922 წლის აპრილში გაიმართა, ერთ თვეში გამოიცა მათი მანიფესტი „საქართველო-ფენიქსი“, 1924 წელს დღის სინათლე იხილა ფუტურისტების ბეჭდვითი ორგანოს „H2SO4“-ს ერთადერთმა ნომერმა, სადაც დაიბეჭდა ლექსები, დეკლარაციები, სტატიები, ირაკლი გამრეკელისა და ბენო გორდეზიანის კუბო-ფუტურისტული ნახატები.

ქართველი ფუტურისტები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ისინი უპასუხებდნენ ახალი დროის მოთხოვნებს და ყველა სხვა მიმდინარეობასაც ისევე გააქრობდნენ, როგორც გოგირდმჟავა (H2SO4) აქრობს არასასურველ საგნებს, თუმცა, ბედის ირონიით, კომუნისტურმა ხელისუფლებამ არც ისინი დაინდო. 1928 წელს, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (НЭП) დასრულებით და ფორსირებული კოლექტივიზაცია-ინდუსტრიალიზაციის დაწყებით, დასრულდა შედარებითი თავისუფლება, რომელიც საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის არსებობას იტანდა.

„Н2SO4“. მხ. ირაკლი გამრეკელი

„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ანტისაბჭოთა ლიტერატურა იქმნებოდა, მაგრამ მიმდინარეობდა ფორმების უაღრესად საინტერესო ძიება... პირველ რიგში დაიწყო ბრძოლა ე.წ. ფორმალიზმის წინააღმდეგ (კომუნისტების წარმოდგენით, ფორმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე შინაარსს). კომუნისტებისთვის შინაარსი იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც ხელოვნებას უყურებდნენ როგორც მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საშუალებას. შედარებითი თავისუფლება, რაც არსებობდა 20-იანი წლების ბოლომდე, ჩაკლეს. საბჭოთა მთავრობამ პროლეტარი მწერლები მიუსია ყველა სხვა დაჯგუფებას, მათ შორის მემარცხენე ფუტურისტებს, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია, რომ მხოლოდ მათ გაიგეს საბჭოთა ხელისუფლების კულტურის პოლიტიკა. პროლეტმწერლებმა გაანადგურეს ყველა სხვა გაერთიანება, მაგრამ სტალინს კარგად ესმოდა, რომ პროლეტმწერლები ძალიან მდარე ხარისხის ლიტერატურას ქმნიდნენ და მათ არ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ „ფართო მასებზე“. ამიტომ ისინი გამოიყენა როგორც ინსტრუმენტი, 1932 წელს კი პარტიამ მიიღო დადგენილება ყველა დაჯგუფების განადგურების შესახებ და შექმნა ერთიანი შემოქმედებითი კავშირები (მწერალთა, მხატვართა, არქიტექტორთა და ა.შ.), რომელთა საშუალებითაც უკეთესად გააკონტროლებდა ხელოვნების მუშაკებს. ვინც არ იყო კავშირის წევრი, ის განდევნილი იყო კულტურული პროცესებიდან. უნდა შეგესრულებინა გარკვეული მოთხოვნები, რომ ამ ორგანიზაციების წევრი ყოფილიყავი. ასე მოხდა საბჭოთა ხელოვნების უნიფიკაცია“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე და იქვე შენიშნავს, რომ უნიფიკაციას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია: მწერლების ნაწილი ფიზიკურად შეეწირა პროცესს, ნაწილი იძულებული შეიქნა დაეთმო პრინციპები, ნაწილი კი საბჭოთა რეჟიმის აგრესიული დამცველი გამხდარიყო. ლაშა ბაქრაძეს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ “ გამოქვეყნებულ სტატიაში მოტანილი აქვს ციტატა ქართველი ფუტურისტების ერთ-ერთი გამორჩეული წევრის, ნიკოლოზ ჩაჩავას 1960 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიიდან: „1928 წლიდან 1936 წლამდე არ გამომიქვეყნებია არცერთი ლექსი. ზუსტად ამდენი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ შემეცვალა ჩემი მიდგომები, გავთავისუფლებულიყავი რადიკალური მემარცხენეებისგან.“

მერი ანჯაფარიძე, ნიკოლოზ შენგელაია. დგას: სიმონ ჩიქოვანი

ცოტა ხნის წინ, ქართული ლიტერატურის მუზეუმის დახმარებით, ქართველი ფუტურისტების ალმანახი „H2SO4“ გერმანულად ითარგმნა. ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული მისი წერილი უთუოდ დაეხმარება გერმანულენოვან მკითხველს ალმანახში დაბეჭდილი რთულად გასაგები ტექსტების წაკითხვაში.

რაც შეეხება ქართველ მკითხველსა და საქართველოს. ლაშა ბაქრაძის თქმით, ქართველი ფუტურისტების თავგადასავალიც კი გვეუბნება იმას, რომ გადასაწერი გვაქვს ისტორია, განსაკუთრებით XX საუკუნისა და საბჭოთა პერიოდის ისტორია.

„ახლებურად არის მოვლენები დასანახი და გასააზრებელი. იგივე ითქმის ქართული ლიტერატურის ისტორიაზეც. სამწუხაროდ, ჩვენზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს საბჭოური ხედვა, მათ შორის ხედვა ქართული ლიტერატურისა“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე, საქართველოს გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.