სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
“ღარიბთა, ჩაგრულთა დაცვის პრინციპის მიმართ ჩემს ერთგულებას შეცდომად არ მივიჩნევ. მაგრამ ვითარების გადაჭრის გზა, რომელიც [კომუნისტებს] გვეგონა, რომ გვქონდა, ნამდვილად პრობლემური იყო. ერთ დროს უბრალოდ ისტორიულ ფაქტად მივიჩნევდი იმ გარემოებას, რომ [რევოლუციამ] პირველად მარგინალურ და, ასე ვთქვათ, ბარბაროსულ ქვეყნებში გაიმარჯვა. ეჭვგარეშეა ის, რომ ამან ძალიან გააუარესა ყველაფერი. ეს რომ რუსეთში არ მომხდარიყო, ბარბაროსობის მასშტაბით ნამდვილად ვერ მივიდოდა ახლოს მომხდართან.“
ეს სიტყვები ერიკ ჰობსბაუმს ეკუთვნის - ბრიტანელ სწავლულს, მეოცე საუკუნის ინტელექტუალური წრეების ერთ-ერთ გიგანტურ ფიგურას, რომელსაც პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ეძღვნება და რომელიც სიცოცხლეშივე იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ, ან საერთოდაც ყველაზე ცნობილ, ავტორიტეტიან და გავლენიან ისტორიკოსად. მისი წიგნები 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ბევრ ქვეყანაში გახდა ბესტსელერები, მისი სახელი ისეთივე ცნობილი იყო, მაგალითად, ბრაზილიასა და ინდოეთში, როგორც შინ, ბრიტანეთში, თუ შეერთებულ შტატებში. ჰობსბაუმის ნაშრომები და ინტერესები მოიცავდა ბევრ ეპოქას, კულტურას, ქვეყანას. ის, უწინარესად, ეკონომიკური და სოციალური ისტორიის პიონერად არის ცნობილი, თუმცა ამავე დროს წერდა ჯაზზე, პოეზიაზე, მხატვრულ ლიტერატურაზე. ჰობსბაუმის ნაშრომები შეუცვლელ მასალად რჩება უნივერსიტეტების ისტორიის კურსებისთვის, თუმცა მათ სტუდენტების და ისტორიკოსების მიღმაც უამრავი მკითხველი ჰყავს. და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომი მან პირველად ათწლეულების წინ გამოაქვეყნა, მისი 30-ზე მეტი წიგნიდან ბევრი კიდევ და კიდევ იბეჭდება, ახალ-ახალი ტირაჟით.
ნაწყვეტი, რომელიც ზემოთ მოვიტანე, 2002 წელს, ბიბისისთვის მიცემული ინტერვიუდანაა. ამ გადაცემაში ერიკ ჰობსბაუმს მორიგ ჯერზე უწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, რომლებსაც ალბათ ვერც ერთი ჟურნალისტი და ვერც ერთი გადაცემის პროდიუსერი ვერ არიდებდა ხოლმე თავს მასთან საუბრის დროს. ერიკ ჰობსბაუმი 2012 წელს გარდაიცვალა, 95 წლის ასაკში. და საქმე, თუ პარადოქსი გახლავთ ის, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ისტორიკოსი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში კომუნისტად დარჩა.
ჟურნალისტები ამ პარადოქსის ამოხსნას მუდმივად ცდილობდნენ - მაინც როგორ შეიძლებოდა ერთ კაცში მსოფლიოს უდიდესი ისტორიკოსი და თან ურყევი კომუნისტი ერთად განსხეულებულიყო. ამიტომაც, ინტერვიუებში ჰობსბაუმს გამუდმენით უსვამდნენ ერთსა და იმავე შეკითხვებს - „და როგორ შეგიძლიათ კვლავ კომუნისტი იყოთ?“ „და რატომ უჭერდით მხარს საბჭოთა კავშირს?“ „და რატომ დარჩით ამდენ ხანს ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის წევრად?“ ჰობსბაუმის ინტერვიუების ანალიზისას ბევრი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები ამით თითქოს ჰობსბაუმს კიდევ და კიდევ აძლევდნენ შანსს წარსული მოენანიებინა, ბოდიში მოეხადა, ეღიარებინა, რომ შეცდა. მაგრამ ისტორიკოსი ამ ერთფეროვანი შინაარსის კითხვებს სტაბილური სიმშვიდით პასუხობდა ხოლმე. ჰობსბაუმი, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში, ღიად აღიარებდა საკუთარ შეცდომებს, არასწორ ინტერპრეტაციებსა თუ ანალიზს, სტალინის საზარელი დანაშაულების დაგვიანებულ დანახვას. მაგრამ მთავარ კითხვას - ნანობთ, რომ კომუნისტი იყავით? - ყოველთვის პასუხობდა: „ არა“.
როგორც ისტორიკოსი, ჰობსბაუმი უბადლოდ და დეტალურად წერდა სპეციფიკურ ფენომენებზე - მაგალითად, „სოციალურ ბანდიტებზე“ თუ „ბანდიტ მეამბოხეებზე“, ჩვენი არსენა ოძელაშვილის მსგავს ფიგურებზე, რომლებიც ბევრ კულტურაში გვხვდება - რობინ ჰუდზე, ჯესი ჯეიმსზე, ბალკანელ ჰაიდუკებზე, ბრაზილიელ კანგასიეროებზე - მძარცველებზე, კანონს გარეთ გასულ ადამიანებზე, რომლებსაც საზოგადოება არა უბრალო დამნაშავეებად, არამედ სოციალური სამართლიანობის დამცველებად, უსამართლობაზე შურისმაძიებლებად, წინააღმდეგობის მებრძოლებად მიიჩნევდა და მათზე თქმულებებს და მითებს ქმნიდა ხოლმე. ამავე დროს, ჰობსბაუმი აბსოლუტურად შეუდარებელი იყო მასშტაბურ, მონუმენტურ კვლევებშიც. მკითხველის დიდი ნაწილისთვის მისი სახელი უწინარესად უკავშირდება მის ბრწყინვალე ოთხტომეულს, სათაურებით „რევოლუციის ეპოქა“, „კაპიტალის ეპოქა“, „იმპერიის ეპოქა“ და „უკიდურესობების ეპოქა“, რომელიც მოიცავს 1789 წლიდან 1991 წლამდე პერიოდს.
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
თანამედროვე, ან „მოდერნული“ მსოფლიოს ისტორია ჰობსბაუმთან იწყება „ორმაგი რევოლუციით“- საფრანგეთის პოლიტიკური რევოლუციით და ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციით, გვიანდელი მეთვრამეტე საუკუნის ორი აფეთქებით, რომლებმაც, მისი სიტყვებით, ბიძგი მისცეს „უდიდეს ტრანსფორმაციას კაცობრიობის ისტორიაში“, და მთავრდება საბჭოთა კავშირის დაშლით. როგორც ჰობსბაუმის ამ ოთხტომეულის რეცენზიაში ისტორიკოსი ჯოზეფ ფრონზაკი წერს, ეს ოთხი წიგნი, მთლიანობაში, მოიცავს შენებისა და ნგრევის იმ დიალექტიკურ აქტებს, რომლებმაც თანამედროვე მსოფლიო შექმნეს. ეს წიგნები ახლებურად წარმოაჩენს მოდერნულობის მითოლოგიას, თავისი აბსტრაქტული ძალებით, ლიბერალიზმით, სოციალიზმით, დემოკრატიით, ნაციონალიზმით, იმპერიალიზმით, კაპიტალიზმით, რომლებიც კაცობრიობის ბედიწერაზე გავლენის მოხდენას ლამობენ. ჰობსბაუმმა აქ არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიის სინთეზი შემოგვთავაზა, არამედ მოგვცა ინტენსიური ანალიტიკური ჩარჩო, რომელიც ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ მნიშვნელოვნად გვიცვლის მსოფლიოს აღქმას.
ჰობსბაუმის ცხოვრებაზე, მისი, როგორც ისტორიკოსის განვითარებაზე მისმა მკითხველებმა შარშან ბევრი ახალი რამ გავიგეთ. მისმა კოლეგამ და მეგობარმა, თავადაც ბრიტანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ისტორიკოსმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, რიჩარდ ევანსმა გამოსცა 700-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი წიგნი სათაურით „ერიკ ჰობსბაუმი: ცხოვრება ისტორიაში“, რომელიც ამ დრომდე ჰობსბაუმის ყველაზე მოცულობით ბიოგრაფიას წარმოადგენს. რიჩარდ ევანსი პოდკასტის დღევანდელი გამოშვების სტუმარია და მისგან ბევრ რამეს შევიტყობთ. ჰობსბაუმის ნაშრომების მაგალითებით პროფესორი ევანსი გვაჩვენებს, რომ მისი აზროვნება და ანალიზი მნიშვნელოვნად სცდებოდა უბრალოდ "მარქსისტი ისტორიკოსის" სწორხაზოვან იარლიყს. და "ჰობსბაუმის პარადოქსსაც“ აგვიხსნის - მოგვიყვება, მაინც რატომ მიიზიდა ნაადრევად დაობლებული, სიღატაკეში გაზრდილი ებრაელი ბიჭი, ერიკ ჰობსბაუმი, კომუნიზმის იდეამ მაშინ, როცა ის ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდის ბერლინში ცხოვრობდა, ნაცისტური რეჟიმის გაძლიერების და აღზევების პერიოდში და რა იყო იმის რეალური მიზეზი, რომ ეს იდეა მისთვის ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე იდენტობის განუყოფელ ნაწილად დარჩა.