ევროპარლამენტარის, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრის, გერმანელი დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებამ გზა გაუხსნა დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადადგა რთული ნაბიჯი ქვეყნაში არსებული ვითარების დეპოლარიზაციისკენ.
„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადადგა თამამი და რთული ნაბიჯი მის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეპოლარიზაციისკენ და გზა გაუხსნა უფრო დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. იგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ასევე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორების გაცხადებას სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტზე.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების მნიშვნელობაზე ევროპარლამენტარმა 15 მაისს ისაუბრა ასევე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებამდე მოსალოდნელი ცვლილებები საარჩვენო კანონმდებლობაში და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ შემხვედრი ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.
შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.