რუსეთის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყება „როსკომნადზორი“ მოითხოვს კომპანია Google-ისგან, რომ დაბლოკოს საიტ „МБХ მედიაზე“ გამოქვეყნებული ცნობა, რომელიც ეყრდნობა „ფაინენშელ ტაიმსის“ ინფორმაციას რუსეთში კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური სტატისტიკის ხელოვნურად შემცირების შესახებ.
„ფაინენშელ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე 70%-ით მეტია. იმავე დღეს „ნიუ-იორკ ტაიმსმაც“ გამოაქვეყნა ანალოგიური დასკვნების შემცველი სტატია.
მოგვიანებით აღნიშნული ცნობა საკუთარ საიტზე განათავსა კომპანია „МБХ მედიამ“, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ცნობილ რუს საზოგადო მოღვაწეს, მიხაილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის.
ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულმა ამ ცნობამ აღაშფოთა რუსეთის ხელისუფლება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუბლიკაციას უწოდა „უსაფუძვლო სპეკულაცია“ და „მორიგი ანტირუსული ფეიკი“ და მოითხოვა პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაციის უარყოფა.
„როსკომნადზორმა“ მოუწოდა Google-ს, რომ დაებლოკა საიტ „МБХ მედიაზე“ გამოქვეყნებული ეს მასალა. რუსეთის გენერალური პროკურატურის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, „როსკომნადზორმა“ კომპანია Google-ს აცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია „შეიცავს მოწოდებას მასობრივი არეულობისა და ექსტრემისტული ქმედებების განხორციელების შესახებ“.
Google-მა თავის მხრივ მოუწოდა „МБХ მედიას“ ამ მასალის წაშლის აუცილებლობის შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში, მილეტა ვუინოვიჩმა, რადიო თავისუფლების რუსულენოვან „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უთხრა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ფაქტები კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ხელოვნური შემცირების თაობაზე.
15 მაისის მონაცემებით რუსეთში დარეგისტრირებულია COVID-19-ით ინფიცირების 262 843 შემთხვევა. ხოლო ეპიდემიის გავრცელების განმავლობაში გარდაიცვალა 2 418 პაციენტი.