თბილისი პრაიდი მერიას 17 მაისს ანძის ცისარტყელის ფერებში განათებას სთხოვს

თბილისი პრაიდი თბილისის მერიას 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ანძის ცისარტყელის ფერებში განათებას სთხოვს. ორგანიზაციამ მიმართვა საჯაროდ გაავრცელა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ იმ დროს, როცა შეკრების თავისუფლება შეზღუდულია, ტრანსგენდერმა ქალმა კი თვითმკვლელობა სცადა, მნიშვნელოვანია თემის წევრების მხარდაჭერა, გამხნევება და მათთვის იმის გაზიარება, რომ ისინი არ არიან მარტო პანდემიით და ჰომოფობიით გამოწვეული პრობლემების პირისპირ.

"მიგვაჩნია, რომ ანძის ცისარტყელის ფერებით განათება ის მოთხოვნაა, რომლის შესრულებაც არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას, არ აყენებს ადამიანებს ძალადობის ან ეპიდემიის პირდაპირი რისკების წინაშე და არც ქალაქის ბიუჯეტიდან განსაკუთრებულ დანახარჯებს მოითხოვს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის აზრით, ეს იქნება მერისგან გადადგმული სოლიდარობის აქტი და გამოჩნდება, რომ ის ხედავს და აღიარებს ლგბტქ მოქალაქეებს და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ პერიოდში 10-ზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.