ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პროექტზე მუშაობენ და იგი რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.
„ამ ეტაპზე უკვე მზად გვაქვს ამ წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი, როგორც ტრანსპორტზე, ასევე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა უნდათ იმისთვის, რომ თავის ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და ჩვენ შევჯერდეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, შემუშავებულ წესებსა და გაიდლაინებში არაფერი იქნება ისეთი, რასაც ტურიზმის ინდუსტრია ვერ შეასრულებს.
ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.