“გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - ხელისუფლებას ევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი მიმართავს

საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესრულების მოთხოვნით კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი ანჟეი ჰალიცკი მიმართავს.

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის იქნა მიღწეული. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - წერს ევროპარლამენტის წევრი Twitter-ზე.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები უკვე გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. ამავე საკითხს გამოეხმაურნენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება.

"ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ვკითხულობთ 8 მარტის შეთანხმებაზე ფასილიტატორების განცხადებაში.

.