ევროპარლამენტარი, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი, გერმანელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი გატეხილი დაპირება „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.
„რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონაკრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა „ქართული ოცნების“ მცდელობა, გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად“, - წერს ევროპარლამენტარი, რომელიც „DEG“-ის - დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის - წევრია.
ვიოლა ფონ კრამონი 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხზე დაწერილ წერილში აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი არ არის.
ევროპარლამენტარი წერილში ეხება ასევე შეთანხმების ფასილიტატორების საკითხსაც და ამბობს, რომ კონფრონტაციაში მათი ჩათრევის მცდელობა მმართველი პარტიის მხრიდან დაუშვებელია:
„დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია "ქართული ოცნების" მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური, იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს საარჩევნო რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში უკან გადადგმულ ნაბიჯებზე:
„ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს, უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები უკვე გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და მიხაელ გალერიმ. ამავე საკითხს გამოეხმაურნენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.
შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.
11 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების მონაწილე აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს თხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.
8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება.
"ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ვკითხულობთ 8 მარტის შეთანხმებაზე ფასილიტატორების განცხადებაში.