საქართველოს მედიცინა უხსოვარი დროიდან ჰქონდა. ქართველი ექიმების წინაპრები კარგად იცნობდნენ სამკურნალო მცენარეებს, ცხოველური წარმოშობის სამედიცინო საშუალებებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიმართავდნენ მკურნალობის როგორც ქირურგიულ, ასევე თეურგიულ (შელოცვები, ავგაროზები და ა.შ.) საშუალებებსაც; VIII-IX სს-დან არსებობდა სატაძრო მედიცინა, რომლის ნიადაგზე, მოგვიანებით, საერო მედიცინა აღმოცენდა. დიდი როლი ითამაშეს უცხოელებმა, განსაკუთრებით კათოლიკე-მისიონერებმა, რომლებსაც, როგორც წესი, თავიანთ სამისიონერო უბნებში საავადმყოფოები და აფთიაქები ჰქონდათ მოწყობილი, თუმცა თანამედროვე მედიცინა, ორგანიზებული საექიმო დახმარების სახით, საქართველოში მხოლოდ 200 წელს ითვლის.
პირველად იყო „მიხაილოვსკი“
1820 წლის 30 აგვისტოს, ზუსტად 200 წლის წინ, საზოგადოებრივი მზრუნველობის უწყებამ ტფილისში, ერეკლე II-ის მოედნის მახლობლად, გახსნა პრიმიტიული, 12-საწოლიანი საავადმყოფო - ორგანიზებული საექიმო დახმარების პირველი კერა საქართველოში, ცნობილი მიხეილის საავადმყოფოს შორეული წინამორბედი.
საავადმყოფოს გახსნის ინიციატივა და პროექტი ეკუთვნოდა ჩეხ სამხედრო ექიმს, ივანე ანტონის ძე პრიბილს, ქართველი კათოლიკეების, ყარაშვილების სიძეს და პოეტ, ალექსანდრე ჭავჭავაძის მეგობარს, ტფილისის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარ ექიმს.
1929 წელს პრიბილის ინიციატივით აშენებული საავადმყოფო გადაიტანეს ავლაბარში, ყოფილი ყაზარმის და აბრეშუმძაფსახვევი ფაბრიკის შენობაში, სადაც 1848 წლამდე დარჩა, ვიდრე არ გადაიტანეს ჯერ ქალაქის ცენტრში, დღევანდელ შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო შემდეგ, 1858 წელს, ინფექციურ დაავადებათა გავრცელების შიშით, ვერაზე.
1864-65 წლებში თბილისის მოსახლეობის ზრდის (60 ათასი) გამო, ხელისუფლებამ გამოყო სპეციალური კომისია, ლეიბმედიკოს ა. ლიბაუს თავმჯდომარეობით, რომელსაც დაევალა ქალაქში ახალი, ტიპიური საავადმყოფოს მშენებლობის ორგანიზაცია.
კომისიამ საავადმყოფოსათვის მიწის ნაკვეთი შეიძინა ახლანდელი დავით აღმაშენებლის N60-ის ტერიტორიაზე, ხოლო შენობის პროექტი შეუკვეთა ცნობილ თბილისელ არქიტექტორს, ალებერტ ზალცმანს.
შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1868 წლის 8 ნოემბერს, ა. ლიბაუმ კი საავადმყოფოს გადასცა საკუთარი ბიბლიოთეკა და 10 ათასი მანეთი, რომლის პროცენტული დანამატით ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, საავადმყოფოს ერთ-ერთი ორდინატორი სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ.
1899 წელს 19 იანვარს საავადმყოფოში დაიდგა 1234 მანეთის ღირებულების რენტგენის აპარატი, რომელიც შეიძინეს მიუნხენში, ბარბარე მუხრანბატონის მიერ საქველმოქმედოდ გაღებული თანხით.
ტფილისის 1913 წლის კალენდრის მიხედვით, მიხეილის საავადმყოფო პაციენტებს იღებდა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ამასთან, უბედურ შემთხვევათა გამო, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სიცოცხლეს, საავადმყოფო არც მომსახურებაში, არც მედიკამენტებსა და არც სახვევ მასალაში ფულს არ იღებდა, საერთო კმაყოფაზე აყვანილი ავადმყოფი კი თვის განმავლობაში იხდიდა 12 მანეთს, მაშინ, როცა 4-ადგილიან პალატაში ეს გადასახადი 40 მანეთი, 2-ადგილიანში 50 მანეთი და ცალკე პალატაში 60 მანეთი იყო.
სულ მიხეილის საავადმყოფო გათვლილი იყო 200 ავადმყოფზე.
არამიანცის დანატოვარი
1891 წლის ქოლერის ეპიდემიამ, რომელმაც სახიფათო მასშტაბი მიიღო თბილისში, ერთგვარი ბიძგი მისცა სანიტარულ-სამედიცინო საქმის განვითარებას. 1893 წელს ქალაქის თვითმმართველობასთან ჩამოყალიბდა სანიტარულ-საექიმო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ: სანიტარულ-საექიმო ინსპექტორი, სათათბიროს საუბნო ექიმები და ფერშლები, ექიმი-დეზინფექტორი და სადეზინფექციო კამერის გამგე, ქალაქის სამკურნალოს, საავადმყოფოებისა და ლაბორატორიის ექიმები და სხვა. ამასთან ტფილისის ცენტრალური სამკურნალო გადავიდა თვითმმართველობის სრულ კომპეტენციაში, რამაც საშუალება მისცა თვითმმართველობას გაეფართოებინა მუშაობა: 1898 წელს გაიხსნა ორი სპეციალური პუნქტი გადამდებ სნეულებებით დაავადებულთათვის, 1899 წელს კი ცენტრალურ სამკურნალოსა და მის განყოფილებებში 38 338-მა ავადმყოფმა გაიარა (ალ. ბენდიანიშვილი, „თბილისის საქალაქო თვითმმართველობა. 1875-1917წ“), თუმცა, აშკარა იყო, რომ ქალაქს არ ჰყოფნიდა „სამედიცინო სიმძლავრეები“. ტფილისს მხსნელად მოევლინა მდიდარი მოქალაქე და ქველმოქმედი, მიქაელ არამიანცი, რომელმაც 1903 წელს ქალაქს შესწირა 100 ათასი მანეთი და თან გამოთქვა სურვილი, რომ ამ თანხით აეგოთ მისი სახელობის საავადმყოფო.
1903 წლის 20 აპრილს გამოსული გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა:
„ქალაქის საექიმო-სასანიტარო საბჭომ წარუდგინა გამგეობას თავისი მოსაზრებანი ბ-ნ არამიანცის შემოწირულობისა და ქალაქის საავადმყოფოს დაარსების შესახებ. საბჭო საჭიროდ სთვლის: ეხლავ შეუდგნენ ქალაქის საერთო საავადმყოფოს გეგმის შედგენას, რაც უნდა მიენდოს განსაკუთრებულს ტეხნიკს საექიმო საბჭოს ერთ-ერთ წევრის მონაწილეობით; არამიანცის შემოწირულობით უნდა აშენდესო ორი ბარაკი ქირურგიულ და შინაგან ავადმყოფთათვის; ეს ბარაკები ნაწილები იქნება საერთო საავადმყოფოსა, ბარაკების აშენებას, საბჭოს აზრით, დასჭირდება სრულიად ის ფული, რომელიც შესწირა არამიანცმა; წელიწადში კი ბარაკებს დასჭირდება 35 ათასი მანეთი 85 ავადმყოფის შესანახად. ამ პროექტის განსახორციელებლად, საბჭოს აზრია შუამდგომლობა იქნას აღძრული, რომ ქალაქს ნება მისცენ მუშა ხალხზე საავადმყოფო გადასახადის დაწესებისა, რადგან უმთავრესი საავადმყოფო მუშა ხალხისათვის იქნება დაარსებული (ამგვარ საერთო გადასახადის დაწესების ნება ქალაქს, როგორც ვიცით, არ მისცეს). საავადმყოფო უნდა აშენდეს იმ ადგილას, სადაც ახლა გადამდებ სენის ბარაკებია“.
არამიანცის სახელობის საქალაქო საავადმყოფოს, რომელიც 1909 წელს გაიხსნა, ჰქონდა თერაპევტიული და ქირურგიული განყოფილებები 120 საწოლით. ამ დროს იმავე ავლაბარში უკვე წარმოებდა მუშაობა ბავშვთა 80 საწოლიანი საავადმყოფოს მოსაწყობად, რომელსაც მატერიალური ბაზა შეუქმნეს ცნობილმა კაპიტალისტებმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა 100 ათასი მანეთის შეწირვით.
ტფილისის საქალაქო თვითმმართველობა თანდათან მეტ თანხას გამოჰყოფდა ჯანმრთელობის დაცვისათვის: 1889 წელს სამედიცინო მომსახურებაზე დაიხარჯა 20 640 მან, 1899 - 102 925 მან, 1909 წ. - 243 726, რაც შეადგენდა საბიუჯეტო გასავლის 13,3%-ს.
სახელოვან ექიმთა კერძო პრაქტიკა
ქოლერისა და შავი ჭირის ეპიდემიების საფრთხემ, რომელიც ტფილისის მოსახლეობის ზრდის პარალელურად სულ უფრო იზრდებოდა, ბიძგი მისცა სამედიცინო სექტორის ორგანიზებასა და განვითარებას, თუმცა კვლავინდებურად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცალკეულ ექიმთა კერძო სამედიცინო პრაქტიკაც. გადავშალოთ „ივერიის“ ნებისმიერი ნომერი და ჩვენ იოლად აღმოვაჩენთ, რომ განცხადებების უმეტესი ნაწილი სამედიცინო შინაარსისაა:
„პირველი სამკურნალო ექიმ ნავასარდიანისა (კუკიაში, ვორონცოვის ძეგლის მოპირდაპირედ)“, „ტფილისის კერძო სამკურნალო მიხეილ გედევანიშვილისა, ნიკოლოზის ქუჩა, სახლი საგინაშვილისა N21: სამკურნალოს აქვს საწოლი ოთახები და კაბინეტი ბაქტეოროლოგიურ და მიკროსკოპიულ გამოკვლევათათვის. ფასი რჩევა-დარიგებისა 50 კაპიკი, ოპერაციები - მორიგებით, კრაოტი 4 მან. დღე და ღამეში. ერთი კრაოტი ღარიბთათვის უფასოა“.
ძველი გაზეთები იუწყებიან, რომ ი. ახალშენიშვილი ჰკურნავს კბილის სნეულებებს, მ. პოკროვსკი აკეთებს ყვავილის აცრას და წამლობს შინაგან სნეულებებს, მ. გედევანიშვილი სპეციალისტია ნერვებისა და ელექტრონით წამლობისა, ი. ბეგთაბეგოვი - სიფილისისა, კანისა და საშარდესი, ნ. მულინი - ყურისა, ყელისა და ცხვირისა, ყ. ჩიქოვანი კი თვლის, შინაგანი და ნერვების სნეულებების მკურნალია.
კერძო კლინიკები და ცალკეულ ექიმთა კერძო პრაქტიკა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. მაგალითად „ცნობის ფურცელში“ ნახავდით სარეკლამო განცხადებას ქუთაისელი ექიმის, სამსონ თოფურიას სამკურნალოსი, რომელიც იმყოფებოდა „მათის უმაღლესობის პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელის მფარველობის ქვეშ:
„სამკურნალოშია 60 საწოლი შინაგან, ნერვებისა, სახირურგო, დედათა და თვალით ავადმყოფთათვის, მშობიარეთა განყოფილებით და ქიმიურ-მიკროსკოპიულ გამოკვლევათა კაბინეტით. გადამდების სენით და სულით ავადმყოფებს სამკურნალო არ ღებულობს“, - იუწყებოდა გაზეთი.
1902 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში ადგილობრივი გლეხების ხარჯზე გაიხსნა „ქსენონი“. თითოეული გლეხი წელიწადში იხდიდა 3 მანეთს, რის საფასურადაც მთელი წლის განმავლობაში უფლება ჰქონდა ესარგებლა როგორც საექიმო დახმარებით, აგრეთვე უფასო მედიკამენტებით. ქსენონის გამგედ მიწვეული იყო ექიმი ივანე გომართელი, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში (დამფუძნებელი კრების მომავალი წევრი). ივანე გომართელი, რომელსაც სამედიცინო განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული, მკურნალობდა არა მხოლოდ შინაგან დაავადებებს, არამედ აკეთებდა რთულ ქირურგიულ ოპერაციებსაც.
„ერთხელ მას მოუყვანეს ავადმყოფი ვინმე ბიბილეიშვილი, რომლისთვისაც აუცილებელი იყო ფეხის მოკვეთა ბარძაყის არეში... წარმოგიდგენიათ, როგორი რთული იყო ამის გაკეთება სოფლის არასათანადოდ მოწყობილ საექიმო დაწესებულებაში? ლეჩხუმის ერთი სოფლიდან მოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც მუცლის ღრუში ჰქონდა წყლული (ასტიტი)...“ - როგორც ექიმი გიორგი კაჭახიძე იხსენებს, ივანე გომართელმა ამ ავადმყოფების გარდა, ბევრ სხვასაც აჩუქა სიცოცხლე. სხვათა შორის, სწორედ ივანე გომართელმა გამოაქვეყნა შესანიშნავი სტატია (გაზეთი „ჩვენი დროება“. 1913 წ. N20), რომელიც მიხეილ გედევანიშვილის გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველ ტომს ეძღვნებოდა. ეს ის ექიმი მიხეილ გედევანიშვილია, რომელსაც კლინიკა ილიას „ივერიის“ შენობაში ჰქონდა მოწყობილი და, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო რენტგენის აპარატის გამოყენება რუსეთის იმპერიაში. სწორედ ექიმი მიხეილ გედევანიშვილია რეზო გაბრიაძის წიგნის, „GEDEVANI - პორტრეტი საუკუნის ფონზე“ მთავარი პერსონაჟი.
ივანე თარხნიშვილის ლექციის ძალა
თუ ვინმემ გავლენა იქონია ქართველ ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის, მედიცინის სწავლისადმი მისწრაფების გაცხოველებაში, პირველ რიგში, ეს აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილია, ცნობილი ფიზიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, რომლის საჯაროდ წაკითხულმა ლექციებმა ტფილისში, „შექმნა მთელი ეპოქა“. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი წერეთლის თქმით, ამ ლექციების შედეგი იყო ის, რომ 1873 წელს ქალების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა წასვლა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად.
ივანე თარხნიშვილმა საჯარო ლექციების კითხვა თემაზე - „ნერვული სისტემის როლი ცხოველთა მოძრაობაში“ დაიწყო 1871 წლის 18 ოქტომბერს და დაასრულა 4 ნოემბერს.
გიორგი წერეთლის გადმოცემით, ლექციებს 500-600 კაცი ესწრებოდა და ყველა მოჯადოებული იყო მეცნიერის როგორც მარტივი, ცხადი და განსაზღვრით ლაპარაკით, ასევე ნაჩვენები ცდებით.
„ღმერთო ჩემო, რამდენ ცოცხალ ბაყაყს მაშინ ტყავი გავაძრეთ და ხერხემლის ტვინი, ტვინის ძაფებიანა გამოვუჩინეთ, მაგრამ ისე ფრთხილად, რომ ბაყაყი არ მომკვდარიყო. ივ. თარხნიშვილი ამისთანა შემზადებულს პრეპარატზე ცდიდა ხოლმე ელექტრონულ ნაკადს, რომ მსმენელთათვის აეხსნა თუ როგორ მოქმედებს ელექტრონის ძალა ხერხემლის ტვინზე და ტვინის ძაფებზე“, - იხსენებდა გიორგი წერეთელი.
1918 წლამდე ქართველ ახალგაზრდებს უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად რუსეთისა და ევროპის დიდ ქალაქებში უწევდათ წასვლა, მაგრამ ვითარება შეიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების შემდეგ. 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში იხსნება საექიმო ფაკულტეტი, ეწყობა ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრები. ფაკულტეტის კლინიკებისა და კათედრების ორგანიზებაში მონაწილეობას იღებენ მედიცინის დოქტორები: ი. თიკანაძე, ს. ვირსალაძე, გ. მუხაძე, ალ. მაჭავარიანი, ნ. კახიანი, ა. ალადაშვილი.
მედიცინა პირველ რესპუბლიკაში
1919 წლის იანვარში თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ ირჩევს პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანს, რომელსაც წარჩინებით (პირველი ხარისხის დიპლომით) ჰქონდა დამთავრებული პეტერებურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. სწორედ პროფესორი ალექსანდრე მაჭავარიანი გაუკეთებს ზემო კიდურის ამპუტაციის ოპერაციას თსუ-ს პირველ რექტორს, 77 წლის პეტრე მელიქიშვილს, რომელსაც თითის გაჭრისა და დიაბეტის გამო განგრენა განუვითარდება (რაც საბოლოო ჯამში შეიწირავს კიდეს მხცოვან მეცნიერს).
თსუ საექიმო ფაკულტეტის დამფუძნებელთა შორის ნახსენებია პრ. გრიგოლ მუხაძე - ასევე დიდი ექიმი და მეცნიერი, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძეს მკურნალობდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართველი ოფიცრების მსგავსად, ქართველმა ექიმებმაც სამშობლოს მიაშურეს. ამ დროს თბილისში მუშაობდა 4 საავადმყოფო, ერთი სამხედრო ჰოსპიტალი, სულით ავადმყოფთა თავშესაფარი, ორი სამშობიარო სახლი, ხუთი რაიონული ამბულატორია და რამდენიმე კერძო სტაციონარი. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, დამოუკიდებლობის დროს საქართველო ძალიან მძიმე სამედიცინო გამოწვევების წინაშე იდგა პირველი მსოფლიო ომის და თანმდევი მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისების გამო.
„ჯარების მოძრაობის და ომის ლტოლვილთა ნაკადების ქალაქებში დინების გამო და მათთვის მოუმზადებელი ინფრასტრუქტურის პირობებში ეპიდემიები სწრაფად ვრცელდებოდა - ქოლერა, ტიფი, "სახადი" და გრიპიც. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ცალკე სამინისტრო ჯანდაცვის არ დაარსებულა. არსებობდა სახალხო ჯანმრთელობის კომისია დამფუძნებელ კრებაში. დეცენტრალიზაციის პროცესის პარალელურად ჯანდაცვის კომპეტენციების მთელი პაკეტები გადაეცათ - ქალაქების, მაზრების და თემების თვითმმართველობებს, რომლებიც საკუთარ სტრუქტურებში აარსებდნენ ჯამრთელობის, ჰიგიენა-სანიტარიის განყოფილებებს და საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავდნენ. თვითმმართველობის რეფორმის დადებითი ეფექტის ერთ-ერთი შესამჩნევი ელემენტი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო - გაჩნდა საერობო და საქალაქო საავადმყოფოები, სამაზრო ექიმების შტატი გაიზარდა, მოეწყო სათემო ამბულატორიები და აფთიაქები, რომლებიც იაფად ამარაგებდა მედიკამენტებით მოსახლეობას და სოციალურად დაუცველებს უფასოდ აძლევდნენ. ეპიდემიების დროს, დამატებითი საგანგებო მობილიზაცია ხდებოდა ექიმების“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი და მის ნათქვამს ადასტურებს 1918 წლის „საქართველოს რესპუბლიკის“ 12 დეკემბერის ნომერში გამოქვეყნებული განცხადება:
„საექიმო-სასანიტარო განყოფილება სთხოვს ექიმებს, ფერშლებს და მოწყალების დებს, ვისაც სურთ იმუშაონ ეპიდემიებთან საბრძოლველ რაზმებში ადგილობრივ ან პროვინციაში-ერობებში, მობრძანდნენ განყოფილების ბინაზედ აღსანუსხავად ქსენიევის ქ. სახლის N10. იქვე მიიღება ცნობები სამსახურის პირობების შესახებ“.
როგორ უზრუნველყოფდა ტფილისის თვითმმართველობა სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაცვას?
გაძლიერდა ზედამხედველობა აბანოებზე და მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობაზე. ღარიბ მოსახლეობას სანიტარული ექიმების მეშვეობით გადაეცემოდა აბანოს ბილეთები. ყოველდღიურად იწმინდებოდა და დეზინფექცია უტარდებოდა ტრამვაის ვაგონებს, აიკრძალა ტრამვაის ვაგონების გადატვირთვა... გაიხსნა საზოგადოებრივი სამრეცხაო, გაძლიერდა ზედამხედველობა საპარიკმახეროებსა და საზოგადოებრივ სამრეცხაოებზე, მეთვალყურეობის ქვეშ იყო მოსახლეობის თავშეყრის ადგილები (ბაზრები), ქალაქში ოთხ ენაზე გამოიკრა ინფექციების გავრცელების პრევენციის ინსტრუქცია. თვითმმართველობამ გააძლიერა ქალაქის სადეზინფექციო კამერის მუშაობა, გააფართოვა ქალაქის კლინიკებში ინფექციური განყოფილებები, სამედიცინო დაწესებულებები შეძლებისდაგვარად აღჭურვა მედიკამენტებით და სადეზინფექციო საშუალებებით, საავადმყოფოების პერსონალი მოამარაგა შესაბამისი ტანსაცმლით და აღჭურვილობით. საავადმყოფოებს სპეციალური ინსტრუქცია მიაწოდა ინფექციის შემთხვევაში მოქმედების შესახებ და სხვ („თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921“ მ. კვარაცხელია).
ყველა აღნიშნული პრევენციული ღონისძიების მიუხედავად 1917-1921 წლებში თბილისში არაერთხელ იჩინა თავი სხვადასხვა სახის ეპიდემიამ. 1918 წლის 23 დეკემბრის სათათბიროს სხდომაზე გამგეობის წევრმა ი. ჩერქეზიშვილმა მოხსენება გააკეთა თბილისში სახადით ავადმყოფობის შესახებ: ქსენონში იმყოფებოდა 460 სულამდე და ეპიდემია ვრცელდებოდა („საქართველოს რესპუბლიკა“ 1918 წ.N125).
ეპიდემიასთან საბრძოლველად გადაწყდა ქალაქში მოწყობილიყო უფასო აბანო, სადაც ტანსაცმლის დეზინფექცია მოხდებოდა „გელიოსის“ აპარატით. ღარიბებს მიეცემოდათ უფასოდ ½ გირვანქა საპონი. გადაწყდა აგრეთვე ალექსანდროვის საავადმყოფო მოეწყოთ 120 საწოლით სახადიან ავადმყოფებისათვის („კავკასიის ქალაქი“ 1919 წ).
1919 წელს ტფილისი შედარებით მომზადებული შეხვდა, ლტოლვილებიც გაცილებით ნაკლები იყო ქალაქში. ივლისიდან ქალაქის სამ საავადმყოფოში ქოლერის წინააღმდეგ აცრების კეთება დაიწყეს. რამაც შედარებით შეანელა კიდეც ეპიდემიის მსვლელობა, მაგრამ მომხსენებლის აზრით, კვლავ საშიშროებას წარმოადგენდა ეპიდემიის გავრცელება და მოითხოვდა ლტოლვილთა გასახლების უზრუნველყოფაში მთავრობის ჩარევას („საქართველოს რესპუბლიკა“ 1919 წ. N220).
1920 წლისათვის საექიმო-სასანიტარო განყოფილება გაცილებით უკეთესად იყო აღჭურვილი. ორი ავტომობილ - „სანიტარკით“, ორი ეტლით ავადმყოფთა გადასაყვანად. აგრეთვე შედარებით უზრუნველყოფილი იყო სადეზინფექციო წამლებით.
1920 წლის ზაფხულში ყირიმში ქოლერა, კონსტანტინეპოლში კი შავი ჭირი მძვინვარებდა, რაც საშიშროებას წარმოადგენდა საქართველოსთვის. თბილისი კვლავ მძიმე ანტისანიტარულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სანიტარული ინსპექტორის, კ. მეუნარგიას სიტყვებით, „მთელი სამი წელიწადი ქალაქში გროვდება ნაგავი და უსახსრობის გამო მისი გაწმენდა ვერ შევძელით. თუ ეპიდემიამ თბილისში თავი იჩინა, აქ იგი საუკეთესო ნიადაგს მოიპოვებს, აქედან კი მთელი საქართველო საფრთხეში ვარდება“, ამიტომ იგი ითხოვდა დიდი ყურადღება მიექცეოდა ამ პრობლემას, საჭირო იყო ქალაქიდან ნაგვის გატანა, კანალიზაციის ქსელის მოწყობა და სხვა ღონისძიებები. საბჭომ მიიღო დადგენილება მთავრობის წინაშე აღძრულიყო შუამდგომლობა 48.640.000 მანეთის სუბსიდიით გამოყოფის შესახებ... ეპიდემია მაინც არ ცხრებოდა, თუმცა არც საგანგაშო სახეს იღებდა. იმ დროისათვის ქალაქში 14 გარდაცვლილი და 6 დაინფიცირებული ადამიანი იყო. იმედოვნებდნენ, რომ ეპიდემია ფართო ხასიათს არ მიიღებდა. ქალაქი ძალისხმევას არ აკლებდა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. ქალაქის N1 საავადმყოფოს შენობაში შესაფერისი კუთხე მოეწყო ინფექციით დაავადებულთათვის. ქალაქის თვითმმართველობამ დაადგინა აეკრძალა ყველა მედუქნისათვის და წვრილ მოვაჭრისათვის პურის და მჭადის გაყიდვა, იგი უკრძალავდა აგრეთვე ვაჭრობას ქუჩა-ქუჩად მოსიარულე პურით მოვაჭრეთ.
ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 1920 წლის ბოლოსთვის, სამაზრო ერობების (თვითმმართველობების) მთლიანი ბიუჯეტის 10 % მოდიოდა ჯანდაცვის ხარჯებზე, რაც საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სულაც არ არის უმნიშვნელო ხარჯი. რუსეთის იმპერიაშიც, ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველობები სამედიცინო-სანიტარულ და ვეტერინარულ მომსახურებაზე თავიანთი ბიუჯეტის 11%-ს ხარჯავდნენ, ტფილისი კი - 13,3%-ს.
საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ჯანდაცვის სექტორმა და სამედიცინო საზოგადოებამ, მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვა თავი ყველა გამოწვევას. ქვეყანამ დიდი დანაკარგების გარეშე დააღწია თავი ქოლერის, ტიფის და გრიპის ეპიდემიებს, თუმცა ვერაფერი მოუხერხა „წითელ ჭირს“, რომელიც 1921 წლის თებერვალში დაატყდა თავს.