საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 პირი დაჯარიმდა

გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო ქვეყნის მასშტაბით 87 ადამიანი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა მოქალაქეთა უმრავლესობა, კერძოდ, 83 მოქალაქე კომენდატის საათის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობის 1 ფაქტი გამოავლინა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

31 მარტიდან დღემდე პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯამურად გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 21 მილიონ ლარს უახლოვდება.