ოკუპირებულ აფხაზეთში 10-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

საერთო რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათგან COVID-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირებულები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის დროს ნიღბები გამოიყენონ.

საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის 23 შემთხვევა აქვს დადასტურებული.

ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული თითქმის ყველა პირი რუსეთში იმყოფებოდა.