უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოძახებული ელჩი სავალდებულო კარანტინშია

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოძახებული საქართველოს ელჩი საქართველოში დღეს, 11 მაისს ჩამოვიდა და კორონავირუსის გავრცელების გამო უცხოეთიდან ჩამოსული პირებისთვის განკუთვნილ სავალდებულო კარანტინს გაივლის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, ამიტომ, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ 9 მაისს თქვა: „რა თქმა უნდა, უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები, როგორ დავიცვათ ურთიერთობები ავანტიურისტებისგან".