ქართული ოცნების ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის ბრალი იქნება. მან ბრიფინგზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
მისი თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალებს ზედმიწევნით ასრულებს. ოპოზიციის მხრიდან დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნა კი საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. მან მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებს სთხოვა, დაადასტურონ, რომ მმართველ პარტიას არ აუღია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.
"ქართული ოცნება ზედმიწევნით ასრულებს შეთანხმებას... ნაციონალური მოძრაობა, მისი დანაყოფები და პრორუსული შენაერთები საჯაროდ ითხოვენ, დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს: პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელთა კრიმინალური წარსული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი", - თქვა მან.
მისი თქმით, დაპატიმრებულმა გიგი უგლავამ და გიორგი რურუამ მოუწოდეს თანაგუნდელებს, რომ მათი საკითხი არ ყოფილიყო მოლაპარაკებაში ხელშემშლელი.
"ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის შეთანხმება, ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია", - თქვა მან.
ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით 8 მარტს შეთანხმდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ შეთანხმდნენ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. საპირისპიროს ამბობდა მმართველი პარტია.