თამარ მეარაყიშვილი: ახალგორელ ქალს განმეორებითი ტესტირებით covid-19 არ დაუდასტურდა

ახალგორელ ქალს განმეორებითი ტესტირებით ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ ინფორმაცია მიაწოდა ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მოგვიანებით რუსეთის ლაბორატორიიდან ცხინვალში ამ ქალის 6 წლის შვილის განმეორებითი ტესტირების შედეგსაც ელოდებიან.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ახალგორელი დედა-შვილის განმეორებითი ტესტირების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

გუშინ დე ფაქტო სამხრეთმა ოსეთმა ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ინფიცირებულთა შორის დასახელდა ახალგორელი დედა-შვილიც, რომლებიც ვლადიკავკაზში მკურნალობდნენ:

„დედა და მისი 6 წლის ბიჭი ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში მათ კორონავირუსზე ჩაუტარეს ტესტი და საავადმყოფოდან გამოწერეს. ისინი სამხრეთ ოსეთში 5 მაისს ჩამოვიდნენ. მათ ინფიცირების არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონიათ“, - უთხრა 6 მაისს სააგენტო „რესს“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

ცხინვალის თანახმად, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტს.

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აღელვებულ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ანატოლი ბიბილოვი წერს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა არ დაუშვას COVID-19-ის შემდგომი გავრცელება.