მდინარაძე: ფეისბუკმა ერთადერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი ანგარიშები გამოავლინა

მამუკა მდინარაძე

„ფეისბუკმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია ყალბი გვერდებიდან ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და, რაც მთავარია, მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ფეისბუკის“ განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები.

მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას და მიმართა თხოვნით, „ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ასევე მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ მის ხელმძღვანელს, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს:

„რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება - ჩვენ გვახსოვს ნარატივები, ბოტებისა და ტროლების ქარხანა და ა.შ. ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება 2013-14 წლიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს. ყველამ იცის, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.

საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ეს პერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.

საქართველოსთან მიმართებით საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში ფეისბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.