იმ ფონზე, როცა მსოფლიოს გარშემო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, მოელიან, რომ გერმანია წარმოადგენს ახალ გეგმას ევროპის ამ ყველაზე მსხვილი ეკონომიკის გახსნის შესახებ - მიუხედავად გაფრთხილებისა ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურთაგან, რომ COVID-19-ის მეორე და მესამე ტალღებმა შესაძლოა ინფიცირება გამოიწვიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტში.
მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია 3,6 მილიონ ადამიანზე მეტი, დაღუპულთა რიცხვი აჭარბებს 257,000 ადამიანს, - იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ევროპაში, სადაც კორონავირუსს ემსხვერპლა 140,000-ზე მეტი ადამიანი, ქვეყნები ერთიმეორის მიყოლებით იწყებენ თანდათანობით გახსნას, მაგრამ ინარჩუნებენ სოციალური დისტანცირების წესებს და ჰიგიენის გამკაცრებულ სტანდარტებს.
შეერთებულ შტატებში ათობით შტატმა დაიწყო ბიზნესების გახსნა და სახლში დარჩენის მოწოდებების შემსუბუქება. კორონავირუსის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა იქ ეკონომიკის გაჩერება და 30 მილიონამდე ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აშშ-ში აჭარბებს 1,2 მილიონ ადამიანს, დაღუპულთა რიცხვი 72,000-მდეა. აშშ-ში ამ ეტაპზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი იღუპება და ინფიცირების 20,000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ პანდემია არ დასრულებულა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 მაისს გამოაცხადა, რომ აპირებს ეკონომიკის გახსნას.
შეზღუდვები თანდათანობით იხსნება აზიის ბევრ ქვეყანაშიც. ექსპერტების თქმით, ლათინურ ამერიკაში პანდემიის პიკი რამდენიმე დღეში დადგება, რეგიონში 15,000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.