მდინარაძე ოპოზიციაზე: ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა

მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპში და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს საგანგებო მდგომარეობამდე, ჩვეულებრივ რეჟიმში ხდებოდა, - პარლამენტის საქმიანობა ასე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შეაფასა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის პასუხად, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი არა მარტო ასრულებს თავის მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ უშუალოდაა ჩართული პროცესებში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში:

"დღეს პრიორიტეტია სამი ძირითადი მიმართულება: 1. კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც არათუ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, არამედ უშუალოდაა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში; 2. ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი კომიტეტი შემოწმებებს კლინიკების დონეზეც კი ახდენს კომიტეტი მისი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით; 3. ეკონომიკური მიმართულებით სპეციალური საბჭო არსებობს, სადაც პარლამენტის 8 წევრია წარმოდგენილი, ლიდერშიპის და კონკრეტული დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეების ჩართვით.”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები არ იყვნენ ჩართულები. მისივე განმარტებით, ადგილობრივი შტაბების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ ასევე მაჟორიტარი დეპუტატებიც. საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით მუშაობაზე.

დღეს, 4 მაისს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტს მოუწოდებს, თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქცია სრული დატვირთვით შეასრულოს.

ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ თქვა, რომ პარლამენტი ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს. მან მთავრობას მოუწოდა, დროულად წარადგინოს პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა.

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი შეფასებით "ნაციონალური მოძრაობის" ეს დამოკიდებულება ან დილეტანტიზმით უნდა აიხსნას, ან პოლიტიკური სპეკულირებით.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების მხარდაჭერისგან განსხვავებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილებას მხარი აღარ დაუჭირა. ისინი მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა მთავრობამ 24 წარადგინა.