4 მაისიდან იტალიაში შემსუბუქდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობასა და გადაადგილებაზე

იტალიაში ვარჯიშზე აკრძალვა გაუქმდა

4 მაისიდან იტალიაში ძალაში შევიდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებული მკაცრი კარანტინის ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ფაზა. „როიტერსის“ თანახმად, მორიგი შემსუბუქება ითვალისწინებს საწარმოების, სამშენებლო კომპანიებისა და ცალკეული საბითუმო ვაჭრობის ობიექტების გახსნას.

ამასთან, მკაცრად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცირების მოთხოვნები და სხვა სანიტარიული ნორმები.

ადამიანებს უფლება ეძლევათ გადაადგილდნენ თავიანთ რეგიონებში ახლობლების მოსანახულებლად, ამასთან, სავალდებულო იქნება სპეციალური სამოგზაურო სერტიფიკატების შევსება და პირბადის ტარება.

კვლავ ნებადრათული ხდება დაკრძალვაზე თავშეყრა, მაგრამ არა უმეტეს 15 კაცისა. ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოვიდნენ გარეთ სავარჯიშოდ, პარკები და სკვერები კვლავ გაიხსნება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

შესაძლებელი იქნება რესტორნებსა და კაფეებში საჭმლის შეკვეთა და წაღება.

მორიგი შეზღუდვების ფონია კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების განმუხტვა. იტალიაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ინფექციით დაიღუპა 174 პაციენტი, რაც წინა თვესთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თებერვლიდან დაწყებული, კორონავირუსის შედეგად იტალიაში დაახლოებით 29 ათასი ადამიანი დაიღუპა. ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის თანახმად, იტალიაზე უფრო მეტი, 67686 გარდაცვლილი ჰყავს აშშ-ს.