5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ 4 მაისს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ამ სექტორის ამუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.
მთავრობამ 24 აპრილს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცირებისთვის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას.