აშშ-ში დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიჩუმე დაარღვია და ღიად უარყო ბრალდებები, თითქოს ის სექსუალური ხასიათის ზეწოლას ახორციელებდა ყოფილ თანაშემწეზე.
საინფორმაციო არხ MSNBC-სთვის 1 მაისს მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინციდენტი, რომელიც, ბრალდების თანახმად, 27 წლის წინ მოხდა, "არასოდეს ყოფილა". "არა, ეს არ არის სიმართლე. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არასოდეს, არასოდეს მომხდარა", - განაცხადა 77 წლის ბაიდენმა.
ტარა რიდმა, რომელიც ბაიდენის სენატის ოფისში მუშაობდა 1992-დან 1993 წლამდე, სექსუალური ხასიათის თავდასხმაში ახლახან საჯაროდ დასდო ბრალი მაშინდელ სენატორს. მისი თქმით, ბაიდენმა ის კედელთან მიიმწყვდია და ხელით შეაღწია მის სხეულში. რიდის მონათხრობი, რომელიც მარტში, პოდკასტში გასაჯაროვდა, გაამაგრა მისმა მეგობარმა, რომელიც ამბობს, რომ რიდი მას მაშინვე მოუყვა მომხდარის თაობაზე. ყოფილი მეზობელი ინტერვიუში ამბობს, რომ რიდმა მას 1990-იანების შუა პერიოდში გაუზიარა სექსუალური თავდასხმის თავისი გამოცდილება.
ბაიდენი ამბობს, რომ არაფერი იცის მის მიმართ რიდის მიერ უწინ გამოთქმულ ბრალდებებზე. ღია წერილში ბაიდენი სენატის მდივანს სთხოვს, მოძებნოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი მასალა, რომელიც ბრალდებაში მონათხრობ სექსუალურ ზეწოლას ეხება.