კელი დეგნანი: ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ შეშფოთებულია გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელიც პანდემიის კონტროლის პროცესში საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის მისამართით ისმის:

„ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის.

ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება.

ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ელჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკანასკნელ ხანს მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საოკუპაციო ხაზთან მივიდა არის ის, რომ სურდა თავისი თვალით ენახა, რა ხდება ადგილზე, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გავრცელების დროს.