საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„პირველად მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია უკანასკნელ ხანს მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საოკუპაციო ხაზთან მივიდა არის ის, რომ სურდა თავისი თვალით ენახა, რა ხდება ადგილზე, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გავრცელების დროს.
„როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.