დავით არახამია: მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი გამოინახა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი გამოინახა, განაცხადა უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

„მისი კანდიდატურისთვის ხმები საკმარისია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხანგრძლივ კონსულტაციებს ატარებდა პრეზიდენტთან და მათ გამონახეს სხვა ფორმატი, რომელშიც ისინი იმუშავებენ, ახალი თანამდებობა. რა თანამდებობა - ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს პრეზიდენტის ინიციატივაა“, განაცხადა არახამიამ ხუთშაბათს ვერხოვნა რადის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

არახამიამ დასძინა, რომ თუკი მაინც წამოაყენებენ სააკაშვილის კანდიდატურას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტში არის მისი დანიშვნის მომხრე ხმები. ამის თაობაზე იტყობინება „ინტერფაქს-უკრაინა“.

„ჩვენ გვაქვს ხმები საიმისოდ, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, იქნება სხვა გადაწყვეტილება და პრეზიდენტმა უკვე შეიმუშავა ის ბატონ მიხეილთან ერთად და ამის შესახებ ცნობილი გახდება, შესაძლოა, დღეს ოდნავ მოგვიანებით, ანდა შეიძლება მომავალი კვირის დასაწყისში,“ თქვა არახამიამ.