ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფის, ექთნების შრომა კიდევ უფრო დატვირთული და დაძაბული გახდა. ზოგიერთი მათგანი კლინიკაში რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა რჩება და გადაბმულად მუშაობს. ცვლის დასრულების შემდეგ კი სახლის ნაცვლად კარანტინში მიდის. ასობით ექთანს თვეებია, ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები არ უნახავს.
გურამ ამაღლობელმა 6 საათიანი დამღლელი მორიგეობის შემდეგ, რეანიმაციაში მყოფი კოვიდ 19-ით დაავადებული 8 პაციენტი კოლეგებს გადააბარა. სპეციალური ჩაცმულობის გახდასთან ერთად უსიამოვნო სიგრილე იგრძნო - ოფლისგან სრულიად სველია. თუმცა, როგორც იქნა, ამოისუნთქა.
“შიგნით, ალბათ, სულ 5 წუთი ვიჯექი სკამზე. არ გავჩერებულვართ მე და ჩემი მეწყვილე. ყველა პაციენტს ინდივიდუალური ყურადღება სჭირდება. ერთი წამიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს”, - ამბობს ის.
გურამი უკვე ორი თვეა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კოვიდ 19-ით დაავადებულ ყველაზე მძიმე პაციენტებს უვლის.
არანორმირებული სამუშაო დღე და ინფიცირების საფრთხე 500 ლარად
მსოფლიოს ჯანდაცვის მუშაკების ნახევარი ექთნები არიან და ისინი ჯანდაცვის სისტემის ხერხემლის როლს ასრულებენ. პანდემიამ კიდევ ერთხელ, ცხადად გამოაჩინა მათი ნაკლებობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოში 28 მილიონამდე ექთანი მუშაობს და კიდევ 6 მილიონია საჭირო. WHO ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ ექთნების განათლებისა და დასაქმების დაფინანსება.
ის, რომ გშია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია საჭმელად გახვიდე- ნანა ლაზარაშვილი, ექთანი
ექთნები - რომლებიც ეპიდემიის წინა ხაზზე არიან - ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფია საქართველოში. 2019 წლის კვლევის თანახმად, ექთნების თითქმის 87%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. არც ერთი გამოკითხული არ იღებს ზეგანაკვეთური შრომისთვის გასამრჯელოს, არადა მათი 95% კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს. საშუალო ხელფასი კი ქვეყანაში, ოფიციალურად, 1300 ლარზე მეტია.
“ხელფასები არ არის სახარბიელო, მაგრამ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ვგრძნობთ”, - ამბობს 47 წლის ირმა ვარაზაშვილი. ის, 15 წელია რაც ექთანია. ახლა 2 კოლეგასთან ერთად, საშუალოდ, ყოველდღიურად, შედარებით მსუბუქ 20 პაციენტს უვლის.
“რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნები ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლაში მუშაობენ. არიან ყოველდღიურებიც, რომლებიც ორი კვირა მუშაობენ, შემდეგ კორონავირუსზე ტესტი უტარდებათ და მიდიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში. და შემდეგ ისევ უბრუნდებიან სამუშაოს”, - ამბობს ვარაზაშვილი.
ნანა ლაზარაშვილი პანდემიის დაწყებამდე ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობდა. პანდემიის შემდეგ - დღეგამოშვებით. თავიდან სახლშიც ახერხებდა წასვლას, მოგვიანებით მოუწია ორი დღე კლინიკაში ყოფნა, ორი დღე დასვენება. შემდეგ იყო სამი დღე კლინიკაში, ერთი დღე დასვენება. 24-ე დაბადების დღეც კლინიკაში გაატარა და აღდგომაც.
“კლინიკაში ვცხოვრობ, ასე გამოდის. ძალიან ვიღლებით. ის, რომ გშია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია საჭმელად გახვიდე. საპირფარეშოშიც ვერ გავსულვარ კონკრეტულ მომენტში. ჩვენთან ლანჩი, სადილი, ყველაფერი მოიშალა”, - ამბობს ის და განაგრძობს: “ცოტა ხანს, ორი-სამი საათით ძილს, ცხადია, ვახერხებთ”.
ნანა ლაზარაშვილი პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ შედარებით მსუბუქ პაციენტებს უვლის. თითქმის მთელ დროს პაციენტებთან ატარებს. ზოგს მეტი ყურადღება სჭირდება, ზოგს სისუსტის გამო წამოჯდომა უჭირს, ზოგი ოდნავ მომატებულ ტემპერატურაზეც კი ძალიან ღელავს, ზოგს შედარებით მაღალი წნევა აშფოთებს.
“ამ დროს ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, ჩვენ ვეხმარებით როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად”, - ამბობს ლაზარაშვილი და განაგრძობს: “მეტად ვიტვირთებით, თუმცა ჩვენი განწყობა არ იცვლება. ყოველთვის მხიარულად ვართ”.
იბან ხელებს, იხდი კომბინიზონს, იბან ხელებს, იხსნი რესპირატორს და ისევ იბან ხელებს
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთან შეხებამდე თითოეული სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვოს. ესენია:
- უსაფრთხოების სათვალეები და სახის ფარი;
- ერთჯერადი ხალათი უკან შესაკრავით;
- ნიღაბი ან რესპირატორი, საჭიროების მიხედვით, ტიპის დადგენა ხდება რისკის შეფასების მეშვეობით;
- ერთჯერადი ხელთათმანები;
- ბახილები;
- ჩაჩი.
“კოვიდ 19-თან ბრძოლაში საჭიროა, პერსონალური დაცვის საშუალებები არსებობდეს საკმარისი რაოდენობით და პერსონალმა იცოდეს, როგორ ჩაიცვას და როგორ გაიხადოს. ეს ორი რგოლი თუ არის აწყობილი, კლინიკაში არ გვეყოლება ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი”, - ამბობს თამარ შარაშენიძე, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში პერსონალს ატრენინგებს და განაგრძობს: “საკმარისია, ერთმა რგოლმა არ დაიცვას უსაფრთხოების პროტოკოლი, რომ ჩვენ ყველა დავინფიცირდეთ”.
აღჭურვილობის ჩაცმას, ისევე, როგორც გახდას 10-15 წუთი სჭირდება და ეს პროცედურა მკაცრადაა გაწერილი დაავადებათა კონტროლის 5-გვერდიან გაიდლაინში. ჩაცმისა და გახდის პროცესს, ძირითადად, ზედამხედველობენ.
ჩაცმის თანმიმდევრობა: იბან ხელებს, იცმევ სითხეგაუმტარ ხალათს, იკეთებ რესპირატორს და მჭიდროდ ირგებ სახესა და ნიკაპზე, იკეთებ სახის დამცავ ფარს ან სათვალეს, იმუშავებ ხელებს, იცმევ ხელთათმანებს.
არ ვიცით, რა მოხდება და როდის დავჭირდებით პაციენტს, ამიტომ სულ გვაცვია აღჭურვილობა, სულ შეფუთულები ვართ
ექთნები ამბობენ, რომ ჩაცმულობა სტანდარტული ზომისაა - ზოგს მოკლე აქვს, ზოგს გრძელი. ამიტომ ისინი დამატებით პარკებს იკრავენ წებოვანი ლენტით.
გახდის თანმიმდევრობა: იბან ხელთათმანიან ხელებს, იხსნი კომბინიზონის ელვას, იხსნი ქუდს, იბან ხელებს, შიდა მხრიდან - ისე, რომ გარეთა ზედაპირს არ შეეხო - ბეჭებიდან იშორებ კომბინიზონს, ჩამოიწევ, ჯდები, იხსნი ფეხის ნაწილს. კომბინიზონი გახდის დროს მთლიანად უნდა ამოტრიალდეს. კომბინიზონის გახდის შემდეგ, იბან ხელებს, იხდი ქუდს, იბან ხელებს, იხსნი სათვალეს, იბან ხელებს, იხსნი რესპირატორს და ბოლოს ისევ იბან ხელებს.
ამასთან, აღჭურვილობა ექთნებს მუშაობის პროცესს ურთულებს და ძალიან უშლის ხელს მოძრაობაში, მხედველობაში, სმენაში, სუნთქვაში.
“ფარი ხმას იმდენად ახშობს, ვერ აგებინებ შენს გვერდით მყოფს - ყვირილი გიწევს. არადა კომუნიკაცია აუცილებელია. სულ ორნი ვართ შესული [რეანიმაციაში]”, - ამბობს ელენე კაჭარავა.
“არ ვიცით, რა მოხდება და როდის დავჭირდებით პაციენტს, ამიტომ სულ გვაცვია აღჭურვილობა, სულ შეფუთულები ვართ. იშვიათ შემთხვევაში ვახერხებთ გამოცვლას”, - ამბობს შედარებით მსუბუქ პაციენტებთან მომუშავე ნანა ლაზარაშვილი და განაგრძობს: “როცა გვაქვს იმის დრო, რომ ფანჯარასთან ჰაერი ჩავისუნთქოთ, ამ დროს მეორე ექთანს აცვია აღჭურვილობა. მე ამას ვიხდი, ვაგდებ, ვიცვამ ახალს და ისევ შევდივარ პაციენტებთან”.
სანიტრების დაუფასებელი შრომა
გაორმაგებული გრაფიკით მუშაობენ სანიტრები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კოვიდ 19-ის გამო პალატების დასუფთავება ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს.
“დღეში ორჯერ იწმინდება კედლები და იატაკი. როცა კოვიდიანი პაციანტი გაეწერება, შევდივართ და გაორმაგებული, ხსნარებით იწმინდება, იქლორება თუ რამე ინვენტარი დგას ყველაფერი. შემდეგ ვხურავთ კარებს და დაახლოებით 2 საათით ფანჯარაც იხურება და ქლორის სუნში და სადენზიფექციო ხსნარის სუნში, კიდევ სტერილურდება პალატა. შემდეგ ვანიავებთ და ვამზადებთ ახალი პაციენტის მისაღებად”, - უყვება რადიო თავისუფლებას სანიტარი თინათინ წიქარიშვილი და განაგრძობს: “პალატიდან რომ გამოვალ, იმ ტანსაცმლით მეორე პალატაში არ შევდივარ. საშუალოდ, ალბათ 5-ჯერ ვიცვლი. ზოგჯერ მეტჯერ”.
24 საათიანი მორიგეობის ანაზღაურება რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 ლარია. თვეში სანიტრებს 7-8 მორიგეობა უწევთ ხოლმე.
“ტაშის დაკვრას არ ვითხოვთ”
როცა გაიგო, რომ კლინიკაში კოვიდიანი პაციენტები უნდა მიეყვანათ, გურამ ამაღლობელის და, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, რეგიონში გადავიდა. ორი თვეა, ამაღლობელს ოჯახის წევრები და შეყვარებული არ უნახავს.
“მინდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ მეშინია, არ გადავდო ინფექცია. შეიძლება გჭირდეს და არც იცოდე. ესეც დამატებით სტრესია”, - ამბობს ის და განაგრძობს: “ძნელია, მაგრამ პროფესიულად ძალიან გავიზარდეთ და ამ ყველაფერს თავს ვართმევთ”.
ყოველ მორიგეობაზე ახალ რაღაცას ვიგებ დაავადების შესახებ. ყველა დეტალი საინტერესოა- ელენე კაჭარავა, ექთანი
კლინიკიდან წასვლას აპირებდა ელენე კაჭარავა, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება რომ დაიწყო, დარჩენა გადაწყვიტა:
“მძიმე სიტუაცია იყო ქვეყანაში და ვიფიქრე, ჩემ წვლილს შევიტან-მეთქი. რთულია მაგრამ ძალიან საინტერესოა. ყოველ მორიგეობაზე ახალ რაღაცას ვიგებ დაავადების შესახებ. ყველა დეტალი საინტერესოა”, - ამბობს ის.
“ეს პროფესია და უფრო მეტად უნდა დაფასდეს. ამას არ ვამბობ ანაზღაურების კუთხით. ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ექთნებს მეტი დატვირთვა აქვთ. ტაშის დაკვრა არ გვჭირდება. პატივისცემა უნდა იყოს”, - ამბობს ნანა ლაზარაშვილი.
ექთნები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, საკუთარ ანაზღაურებაზე თითქმის არ საუბრობენ.
კვლევის “ექთნების შრომის პირობები საქართველოში” თანახმად, მათში ჩამოყალიბდა რწმენა, რომ შრომის პირობებზე ხმის ამოღება არაფერს შეცვლის.
“ჩემთვის [კოვიდიანებთან მუშაობა] ძალიან ამაღელვებელი და საინტერესოა”, - ამბობს 20 წლის ელენე კაჭარავა და განაგრძობს: “83 წლის ქალი გაეწერა რეანიმაციიდან. საკუთარი ფეხით წავიდა. მერე ფეისბუკზეც მადლობა გადაგვიხადა. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა გიფასებენ შრომას!”