აშშ-ში COVID-19-ის სამკურნალოდ ახალი პრეპარატის გამოყენებაზე ფიქრობენ

ენტონი ფაუჩი

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი რემდესივირი გამოცხადდეს. ამის შესახებ თეთრ სახლში, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ, თავის დროზე „ებოლასთან“ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი რემდესივირი 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

აშშ-ში ჩატარებულ გამოკვლევაში 1063 პაციენტი მონაწილეობდა. წინასწარი შედეგებით, პაციენტები, რომლებსაც რემდესივირს აძლევდნენ, საშუალოდ მე-11 დღეს გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ისინი, ვინც სხვა პრეპარატებს იღებდნენ, საშუალოდ 15 დღის შემდეგ.

ენტონი ფაუჩიმ ამ შედეგს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და შეადარა 1986 წელს, როცა ექიმებმა პირველად მიაკვლიეს აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს.

აშშ-ის სააგენტო, რომელიც საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხს აკონტროლებს, „გილეადთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტოს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გასცეს COVID-19-ის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენების რეკომენდაცია. ამასთან, ენტონი ფაუჩიმ განმარტა, რომ კვლევების პირველად შედეგებს დეტალურად გაანალიზება სჭირდება.

სააგენტო Reuters-ს აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში განუცხადეს, რომ გამოკვლევის სრული შედეგები მაისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

ამასთან, BBC წერს, რომ რემდესივირმა, რომლის ექსპერიმენტულად გამოყენება პირველად ჩინეთმა დაიწყო, საბოლოოდ ექიმების იმედი ვერ გაამართლა.

COVID-19-ის სამკურნალოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტში - პროტოკოლში რემდესივირი მოხსენიებულია იმ მედიკამენტებს შორის, რომელთა გამოყენების საკითხი შესაძლოა, განხილული იყოს. მარტის შუა რიცხვებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სურს რემდესივირი მარაგში ჰქონდეს.