BBC: პუტინის უფროსი ქალიშვილი რუსეთის მოსახლეობის გენეტიკური ანალიზის პროექტის კურატორი იქნება

ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარია ვორონცოვა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილია, კომპანია „როსნეფტთან“ ერთად იმუშავებს გენეტიკური კვლევის ცენტრის შესაქმნელად. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

„როსნეფტმა“ მარტში მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია გენეტიკური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ცენტრის შექმნის თაობაზე. როგორც სამი წყარო იტყობინება, მარია ვორონცოვა პროექტის კურატორი შეიძლება გახდეს.

BBC-ის თანახმად, „როსნეფტი“ პროექტში 500 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე თანხის დაბანდებას აპირებს 2027 წლამდე.

მთავრობა ცენტრის მშენებლობისთვის ნაკვეთის გამოყოფას აპირებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ველთან, რომელსაც უძღვება კატერინა ტიხონოვა - სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი.

BBC-ის ინფორმაციით, ცენტრი იმუშავებს „რუსების გენომზე“, რომლის მთავარი ამოცანა იქნება რუსეთის მოსახლეობის სრული გენეტიკური ანალიზი.

პროექტის ავტორები აპირებენ დაადგინონ, არსებობს თუ არა რუსული ეთნოსის „გენეტიკური დარღვევები“, რომელთა რედაქტირება იქნება შესაძლებელი. სულ ცოტა, აპირებენ დაადგინონ ამ „დარღვევების“ არსებობა პროექტში მონაწილეთა გენეტიკაში. პროექტში გენეტიკურ მასალას შეაგროვებენ ძირითადად „როსნეფტის“ თანამშრომლებისგან.

რუსეთში სრული გენეტიკური ანალიზის ჩატარება 60-100 ათასი რუბლი ღირს.