მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ვეღარ გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს უკრაინის რადაში ფრაქციებთან შეხვედრებს, თუმცა უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერას რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე ვერ მოიპოვებს.

ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ აცნობა წყარომ, რომელიც დღეს საპარლამენტო ფრაქცია „გოლოსისა“ და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ესწრებოდა.

„ახლა შეხვედრა გვაქვს. მიხო უკვე გველაპარაკება ზელენსკის მრჩევლის პოზიციიდან. როგორც ჩანს, „მსახურებმა" („ხალხის მსახური“, უკრაინის მმარველი პარტია) ის გააცურეს“, - უთხრა წყარომ გამოცემას.

მანამდე კიდევ ერთმა საინფორმაციო წყარომ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად ვიცე-პრემიერის პოსტის ნაცვლად მმართველმა პარტიამ შესაძლოა, „სააკაშვილი წამოაყენოს ოდესაში „ხალხის მსახურის“ კანდიდატად, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით“.

დღეს უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას სპიკერმა, დმიტრო რაზუმკოვმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.

რაზუმკოვის შეფასებით, მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ გუნდში საკმარისად არიან მთავრობისთვის სასარგებლო ადამიანები. ამის შესახებ მან სააგენტო РБК-Україна-ს უთხრა.

უკრაინული მედია საპარლამენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. 24 აპრილს სააკაშვილი შეხვდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერდა, ფრაქციის წევრთა უმრავლესობა მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნა.

უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან საქართველოს ელჩს კონსულტაციისთვის გაიწვევენ. თბილისის პროტესტს „პოლიტიკური აგრესია“ უწოდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.