ცხინვალისთვის სტალინირის დარქმევას სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა

„ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს“- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცხინვალს მეორე სახელწოდებად „სტალინირი“ ეწოდა. ინფორამციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ციხელაშვილის თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ.

„იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ე.წ. გადაწყვეტილება და სწორედაც რომ სიმბოლური, იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს, რომ არ იყოს ასე ტრაგიკულიც. რა თქმა უნდა ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოვებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და თან, აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლიც არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს. განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი პირები და ამით ართმევენ მომავლის განცდას, მომავლის პერსპექტივას. რა თქმა უნდა ჩვენთვის სულერთი არ არის ამ ადამიანების ბედი, არც ახლა და არც მომავალში. გავაგრძელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც პერსპექტივასა და მომავალზეა ორიენტირებული“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალთან ერთად „ქალაქ სტალინირის“ გამოყენების ბრძანებას მოაწერა ხელი. განკარგულება ბიბილოვმა „ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ გამოსცა.

განკარგულების თანახმად, „სტალინირი“ ცხინვალის სიმბოლოდ უნდა დასახელდეს და გამოყენებული იქნეს ცხინვალთან ერთად სახელმწიფო და დედაქალაქის ღონისძიებებზე, ასევე მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული თარიღების აღნიშვნისას: „9 მაისს - გამარჯვების დღეს. 22 ივნისს - დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს“.