სააკაშვილი: ჩვენ პუტინის მომხრეებს ხელისუფლებას წავართმევთ საქართველოში და არ დავუშვებთ მათ რევანშს უკრაინაში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია, რომელიც საქართველოში „2:1 ზე ლიდერობს“, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააცამტვერებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილმა „პუტინის დამქაში“ უწოდა.

„პუტინის მომხრეებმა ჯერ აქ (უკრაინაში) ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება, შემდეგ კი - ჩვენთან, ეს მოხდა 2012 წელს. ახლა ჩვენ პუტინის მომხრეებს ხელისუფლებას წავართმევთ საქართველოში და აღარ დავუშვებთ, რომ ისინი როდესმე დაეფლონ ძალაუფლებას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გავაკეთებთ უკრაინის ყველა პატრიოტული ძალის ერთიანი ფრონტით და, პირველ ყოვლისა, მე იმედს ვამყარებ პრეზიდენტ ზელენსკიზე, რომელსაც ზუსტად ესმის, რომ ხალხზე ახლა მუშაობს დღევანდელი მომენტის მთავარი პრინციპი, რომ გადავარჩინოთ სიტუაცია და არ მივცეთ რევანშის ძალებს შესაძლებლობა უპირატესობის მოპოვებისა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "უკრაინის" ეთერში საავტორო პროგრამა „სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლებაში“.

გადაცემაში სხვა სტუმრებთან ერთად მონაწილეობდა პრორუსულად მიჩნეული უკრაინელი პოლიტიკოსი, იური ბოიკო, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, რომელსაც, სააკაშვილის თქმით, სხვა რამდენიმე უკრაინელ პოლიტიკოსთან ერთად სურს, რომ უკრაინა „რუსეთს დაუწვეს“.

მანამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრებს.

ის შეეცადა, დაერწმუნებინა დეპუტატები, მხარი დაუჭირათ მისი კანდიდატურისათვის. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შესთავაზა ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში.

გავრცელებული ცნობით, სააკაშვილმა ვერ შეძლო უკრაინის მმართველი, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის უმრავლესობის დარწმუნება, მხარი დაეჭირათ მისი კანდიდატურისთვის. ამიტომ მის წინაშე დადგა ამოცანა, შეაგროვოს ხმები ვერხოვნა რადის სხვა საპარლამენტო ფრაქციებში.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნამ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე აღაშფოთა საქართველოს ხელისუფლება.

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკითხვას, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისთვის თანამდებობის შეთავაზებას შეეხებოდა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლების მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.