ჩეხეთის პრესა: პრაღის მერს და კიდევ ორ პირს დაცვა დაუნიშნეს რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო

პრაღის მერსა და ქალაქის ორი რაიონის ხელმძღვანელებს დაცვა დაუნიშნეს რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო. ამის შესახებ იტყობინება ჩეხეთის ჟურნალი Respekt-ი. გამოცემის თანახმად, ხელისუფლება შიშობს, რომ ამ პირებს საფრთხე ემუქრებათ მას შემდეგ, რაც ჩეხეთის დედაქალაქში საბჭოთა სამხედრო სარდლის, ივან კონევის ძეგლი აიღეს და მიმდინარეობს მზადება რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის, ე.წ. „ვლასოვის არმიის“ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნისთვის.

Respekt-ის თანახმად, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებიან პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი, რაიონ რჟეპორიეს ხელმძღვანელი პაველ ნოვოტნი და პრაღა 6-ის ადგილობრივი ხელისუფლების თავმჯდომარე ონდრჟეი კოლარჟი. პირველ ორ შემთხვევაში დაცვა პრევენციულ ხასიათს ატარებს. კოლარჟს უკვე დაემუქრნენ სიკვდილით.

გამოცემის მიხედვით, ჩეხეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს პრაღაში რუსეთის მოქალაქის ჩასვლა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს კოლარჟისთვის. გარდა ამისა, მათ გამოავლინეს რუსეთიდან ევროპაში მზვერავების გადაადგილება, რაც შეიძლება ასევე კავშირში იყოს შექმნილ ვითარებასთან.

3 აპრილს პრაღაში დემონტაჟი გაუკეთდა მარშალ კონევის ძეგლს. მონუმენტი გადატანილია მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმში. ძეგლის მოხსნამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია რუსეთის მხრიდან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით.

რჟეპორიეში მაისში დაგეგმილია რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დაფის გახსნა. არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ის შეიარაღებული ძალებიდან ნაცისტების მხარეს გადავიდა გენერალ ანდრეი ვლასოვის მეთაურობით, 1945 წელს დახმარებას უწევდა პრაღის აჯანყებას.

წელს, ჰრჟიბის მმართველობისას, პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ სახელი გადაერქვა მოედანს და მას მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა. იქვე გაიხსნა კრემლის კიდევ ერთი კრიტიკოსის, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ხეივანი.