თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რას ნიშნავს, „ვისწავლთ ცხოვრება COVID-თან ერთად“

„COVID-თან ერთად ცხოვრება სპეციფიკური გამონათქვამია და სწორად უნდა იქნეს გაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს“, - ამბობს საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, შეიძლება ყველას საკუთარი ვერსია ჰქონდეს ამ საკითხის გაგების, თუმცა მან მედიას საკუთარი ვერსია გააცნო:

„უნდა გვქონდეს, რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, რათა ამ შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა სიხშირე და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი. იმის მოლოდინი [არ უნდა გვქონდეს], რომ სულ გაქრება უახლოეს დროში ეს ინფექცია და საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, არამედ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიურად ინფიცირებული პირების რაოდენობა იყოს რაღაც დაბალ ნიშნულზე, როგორიც ეს არის სხვა ინფექციებზე. ფილტვების ანთება არ ემართებათ საქართველოში ადამიანებს?! მაგრამ ეს არ არის მასობრივი. ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც. COVID-19-ის რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება. ამას ჰქვია ვისწავლთ ცხოვრება COVID-თან ერთად“.

23 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 420-ს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 111, გარდაიცვალა 5 ადამიანი.