კორონავირუსის გამო სრული კარანტინის ზონებს იმერეთის სოფელი დაემატა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დღეს დილიდან ჩაიკეტა და სრული კარანტინის ზონად გამოცხადდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი.

22 აპრილს, კორონავირუსი დაუდასტურდა ამ სოფლის კიდევ 4 მცხოვრებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და COVID-19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. პაციენტები სამკურნალოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, ღვანკითში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ღვანკითის მისასვლელებთან მოეწყო 5 საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება. მოსახლეობას ღვანკითის დატოვების უფლება არ აქვს.

სოფელში მასობრივი თერმოსკრინინგი დღეიდან დაიწყება და მას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩაატარებს. ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, დღემდე სრული კარანტინი გამოცხადებული იყო მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.