პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები და სწავლა სკოლის გარეშე

სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული, თუმცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელების შედეგად, როგორც რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროში დაუდასტურეს, Მიმდინარე სასწავლო სემესტი კვლავ საკლასო ოთახებში სწავლის გარეშე ჩაივლის.

სწავლა გაგრძელდება ტელესკოლისა და დისტანციურის წავლების ფორმატში.

დღეს, განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები.

Რა შეიცვალა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციის პროცესში?

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა.

  • 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისამდე გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.
  • მოსწავლეების ჩარიცხვა მოხდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. ანუ, როგორც განათლების სამინისტროში დაგვიზუსტეს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა დარეგისტრირებული პირველკლასელი ჩაირიცხება და აპრილის ნაცვლად მულტიფდისციპლინური ჯგუფი მათ შეაფასებს სწავლის დაწყებამდე.

“გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება.” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი ეხება:

  • მათ ვისი და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • თუკი მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • თუ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

რეგისტრაცია - 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით,

დოკუმენტების წარდგენა - 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაციაა - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დოკუმენტაციის წარდგენა: 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი: დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

IV ეტაპი არის მათთის, ვინც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ახალი წესი

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს:

  • მშობლებს შეეძლებათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად;
  • ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, პირადად მიიტანონ და ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას;
  • სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

მოსწავლის პირველკლასში ჩასარიცხად აუცილებელია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, საცხოვრებელი მისამართისა და ტელეფონის ნომრის მითითებით
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.