მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლება აქციის მონაწილეებს პროდუქტის რეალიზებას დაჰპირდა

სოფელ შულავერის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს და თავიანთი მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას და გზის გახსნას ითხოვს.

ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვდნენ დახმარებას. ადგილზე მივიდა მარნეულის მერი ზაურ დარგალი, რომელიც აქციის მონაწილეებს საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

"ძირითადად კიტრის მოსავალზეა საუბარი. პროდუქტის მოცულობა დიდია და დამატებითი ძალებია საჭირო, რომ ადგილობრივების მოსავალი გავიდეს", - ამბობს დარგალი "რადიო მარნეულთან" საუბარში

აქციაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამყულიევს და ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ. რეხვიაშვილის თქმით, აქცია პოლიტიკურად მართულია.

"ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის, ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ადგილობრივებს ჰპირდებიან, რომ პროდუქტის გაყიდვას ხვალ შეძლებენ.

აქცია სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე მიმდინარეობს, მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.