მიტანის სერვისის კურიერებს მანქანით გადაადგილება აეკრძალათ

22 აპრილიდან მიტანის სერვისების - როგორებიცაა Wolt, Glovo - კურიერებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აეკრძალათ.

“საკმაოდ დიდი წილია იმ კურიერების, რომლებსაც ავტომობილებით მიაქვთ საკვები. ავტომობილებით მიწოდება მნიშვნელოვანია სუპერმარკეტის პროდუქციის მიტანისას, შესაბამისად გვიწევს მიტანის არეალის საგრძნობლად შემცირება, მოცულობით შეკვეთებს კი საერთოდ ვეღარ განვახორციელებთ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ვოლტის” გენერალური მენეჯერი ნატალი ხიზანიშვილი.

“გლოვო” აცხადებს, რომ შეზღუდვის გამო, კურიერების 30% ვერ აგრძელებს მუშაობას:

“შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს; ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ; თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ”.

შეზღუდული რაოდენობით მიიღებს შეკვეთებს Menu.ge და აცხადებს, რომ ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მომხმარებელს ვერ მოემსახურება.

საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 17 აპრილს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალა, თუმცა მიტანის სერვისი გამონაკლისი იყო. შეზღუდვა 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გახანგრძლივდა და ამჯერად ის მიტანის სერვისსაც შეეხო.