თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანისთვის მიუღებელია კრიტიკა, რომელიც COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის მიმართ არსებობს.
„უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით და მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის არავითარ შემთხვევაში, ქილიკის დრო იმიტომ, რომ ორივე მხარზე, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, გვაზის უხილავი მტერი“, - უთხრა დღეს, 21 აპრილს მედიას ლევან რატიანმა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მიმართავს მათ, ვისაც შენიშვნის ან რჩევის მიცემა სურთ: „აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლია მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ“.
„ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს. სამწუხაროდ, გვეშინია, იმიტომ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქმნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ“, - განაცხადა რატიანმა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს და ამის მაგალითია დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი.
ლევან რატიანმა არ უპასუხა მედიის შეკითხვას, რა შემთხვევაში იყენებენ კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ პლაქველინს.
20 აპრილს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ტყუილი უწოდა ამერიკაში მცხოვრები ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას, რომ ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.
21 აპრილის 12:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 95 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.