აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თვითიზოლაცია - 3 დედის გამოცდილება

განმარტება:

აუტიზმი წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. მეცნიერებმა არ იციან, კონკრეტულად რა იწვევს ამ ცვლილებებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანები ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები საერთოა.

ჩვეულებრივ, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან, თუმცა ისინი შეიძლება იქცეოდნენ, ურთიერთობდნენ, ლაპარაკობდნენ და სწავლობდნენ მათგან განსხვავებულად. მეტყველების, სწავლისა და აზროვნების უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებში სხვადასხვაგვარია, თვალსაჩინო ნიჭიერებიდან მძიმე დარღვევამდე. ზოგს შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგს - არა.

„უკვე ორი თვეა თერაპია შეუჩერდათ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს. 2 თვე ისეთი უკუსვლაა, განსაკუთრებით რამდენიმე შემთხვევაში, რომ შეიძლება მერე ორი წელი აღარ ეყოს გამოსწორებას. ბავშვებს, რომელთაც ბევრი მოძრაობა, ჰაერი, ათასგვარი თერაპია, შთაბეჭდილება, რესურსი სჭირდებათ, კედლებს რომ აწყდებიან სივრცის ნაკლებობის გამო, ათასგვარი დამატებითი პრობლემა წარმოეშვათ, სახლში ჰყავთ მშობლებს გამოკეტილი და როგორი სირთულეა მშობლებისთვის, მაგას აღარ ვიტყვი. რამდენხანს უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი? რამდენხანს ვეღარ მიიღებენ მათთვის ჟანგბადივით აუცილებელ თერაპიას ეს ბავშვები და საერთოდ, როგორ ანაზღაურდება ეს დაკარგული დრო“, - წერს „ფეისბუკის“ გვერდზე 9 წლის გიორგის დედა, პოეტი და მთარგმნელი დიანა ანფიმიადი.

პასუხი კითხვაზე, როდის დასრულედება კარჩაკეტილობა მათთვის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება სოციალიზაცია, არავინ იცის. არც ის იცის ვინმემ, როგორ „უშველის“ დაკარგულ დროს. გამოსავალს დღეს ყველა ინდივიდუალურად ეძებს, ცდილობს, სტრესი დაძლიოს და, რაც მთავარია, შეუმსუბუქოს იზოლაციის პერიოდი შვილებს.

დიანა ანფიმიადი

დიანას მოუწია, არაერთ სასწავლო, სპეციალიზებულ ინტერნეტრესურსს გაცნობოდა, იმისთვის, რომ ვიდრე კარანტინია, ვიდრე სერვისები მიუწვდომელია, ვიდრე არავინ იცის როდის დასრულდება პანდემია, თავად ჩაეტარებინა „სახლის თერაპია“, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეავსებდა დანაკლისს და გაამრავალფეროვნებდა 9 წლის გიორგის სახლში ყოფნას. დიანა რადიო თავისუფლებასთან თავის ემოციებსა და გამოცდილებაზე საუბრობს.

Your browser doesn’t support HTML5

დიანა ანფიმიადი

მარი კორკოტაძე

მას შემდეგ, რაც 11 წლის დათას სასწავლო პროცესი და თერაპიის კურსი შეუწყდა, სახლში უფრო კარგად გრძნობდა თავს, დავალებებისა და „ზედმეტი“ აქტივობების გარეშე, თუმცა დედამ, მარი კორკოტაძემ არჩია, დათა და მისი ძმა თბილისიდან ქალაქგარეთ გაეყვანა. „ძალიან მიეჯაჭვნენ ტელევიზორს და კომპიუტერს და წამოვიყვანე სურამში, ეზოში, ჰაერზე მაინც გაივლიან, ვატყობდი, რომ სახლში ჯდომისგან კარგი არაფერი გამოვიდოდა“, - გვეუბნება დათას დედა, ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე.

Your browser doesn’t support HTML5

მარი კორკოტაძე


ირმა მალაციძე

საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე ცდილობს 11 წლის მათემ იზოლაციის პირობებშიც არ შეწყვიტოს განათლების და თერაპიის პროცესი, თუმცა მაინც ყველაზე კომფორტულად მოზარდი მაშინ გრძნობს თავს, როცა არავინ აწუხებს და კომპიუტერს თამაშობს, სხვა შეთავაზებები კი გაღიზიანებას იწვევს. იმისთვის, რომ მათეს ყოველდღიურობა გაუმრავალფეროვნონ, ირმას სახლში, ყველას თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

Your browser doesn’t support HTML5

ირმა მალაციძე